
საპენსიო სააგენტოს დირექტორად დღეს გიორგი დანელია დაინიშნა. სააგენტოს ინფორმაციით, ის დაკისრებული მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგა.
"მე დღეს შემოვუერთდი საპენსიო სააგენტოს გუნდს და ჩვენი ამოცანაა სააგენტოს ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფა. საპენსიო სქემა მოგეხსენებათ, რომ არის გრძელვადიანი დივიდენდი საქართველოს მოქალაქეებისთვის და მან მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში" - ამბობს გიორგი დანელია.
გიორგი დანელია საპენსიო სააგენტოს დირექტორად 5 წლის ვადით დაინიშნა. მან ლევან სურგულაძე შეცვალა, რომელიც ამ თანამდებობას 2018 წლის 17 სექტემბრიდან 2019 წლის 9 დეკემბრამდე იკავებდა.
შეგახსენებთ, რომ საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობა ერთერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადია და ხელფასი 10 000-დან 15 000 ლარამდე მერყეობს.
საპენსიო სააგენტოს დირექტორის შესარჩევი კონკურსი 2020 წლის 10 აგვისტოს გამოცხადდა, რომელშიც სულ 88 კანდიდატი მონაწილეობდა.
2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საპენსიო სააგენტოს ფონდში 508 მილიონი ლარია მობილიზებული.