პროკურატურა თამარ ბაჩალიაშვილის საქმის დასახურად ემზადება. ინფორმაციას ამის შესახებ გარდაცვლილი პროგრამისტის ოჯახი და ადვოკატები ავრცელებენ, რომლებმაც პროკურატურა ცოტა ხნის წინ დატოვეს.
თამარ ბაჩალიაშვილის დედა ამბობს, რომ პროკურატურა არჩევნების დასრულებას ელოდებოდა იმისთვის, რომ ეს გადაწყვეტილება მიეღო.
იგივეს ამბობენ ადვოკატებიც და არ გამორიცხავენ, რომ საქმე სტრასბურგის სასამართლოში წაიღონ
„საქმის დახურვა უნდა თვითმკვლელობის მუხლით. 6 თვე იმას იკვლევდნენ, ჩემმა შვილმა თავი მართლა მოიკლა თუ არა. უბრალოდ გაგვესაუბრნენ, რომ ეს საქმე ასე უნდა დავასრულოთო. მინისტრი რომ გამოვიდა პირველ დღეს და თქვა, თვითმკვლელობააო, იგივე გაიმეორეს ახლა... არჩევნებს ელოდებოდნენ, იმიტომ წელავდნენ, რომ აბა არჩევნებში რა იქნება, ვინ გაიმარჯვებს“ - ამბობს თეონა თამაზაშვილი.
ადვოკატების თქმით, პროკურატურას თამარ ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის მტკიცებულებები არ წარმოუდგენია.
პროტესტის ნიშნად დავტოვე შეხვედრა. საპარლამენტო არჩევნები დასრულდა, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებაც სრულდება, ეს არ იყო არანაირი საქმის მასალების გაცნობა, ეს იყო უბრალოდ შეხვედრა და წინასწარ გაცნობა იმ პოზიციის, იმ შემაჯამებელი დასკვნების, რასაც უახლოეს ხანში პროკურატურა იტყვის - ამბობს მიხეილ რამიშვილი
პროკურორი კი განმარტავს, რომ მშობლებმა დღეს პასუხი ყველა კითხვაზე მიიღეს.
შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. 23 წლის პროგრამისტი თეთრიწყაროს რაიონში მაწევნის ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
გამოძიების ვერსიით, ბაჩალიაშვილის სიკვდილი დიდი რაოდენობით მედიკამენტების მიღებამ გამოიწვია.