ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დამფუძნებლები ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი, იურისტ კახა კოჟორიძესთან ერთად, წერილობით პასუხს აქვყნებენენ თეა წულუკიანის იმ კომენტარზე, სადაც მან თქვა, რომ იუსიტიციის სამინისტროს ტიტანური შრომა და "ქართული ოცნების" დამსახურებაა, ის რომ რუსთავი 2 "დაბრუნებულია" და რომ მათ არ ეძინათ, როცა სტრასბურგმა ეს გადაწყვეტილება მიიღო - ჩვენ დაგიბრუნეთ რუსთავი 2 - თქვა იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა პირდაპირ ეთერში.
საპასუხო წერილში ნათქვამია, რომ ტელეკომპანია არა დამფუძნებლებს, არამედ ქიბარ ხალვაშს გადაეცა, რომლეთანაც თავდაპირველ დამფუძნებელებს სამართლებრივი დავა აქვთ, რაზეც საქალაქო სასამართლოში არც ერთი სხდომა ამ დრომდე არ ჩატარებულა. წერილის ავტორები იმედს გამოთქვამენ, რომ რუსთვავი 2 საბოლოოდ მაინც დაუბრუნდება რეალურ დამფუძნებლებს.
საპასუხო წერილი სრულად:
" 1. ,,რუსთავი 2“ დაუბრუდა არა მის დამფუძნებლებსა და კანონიერ მესაკუთრეებს, არამედ ბატონ ქიბარ ხალვაშს, რომელიც მისივე აღიარებით იყო 2004 წელს ტელეკომპანიის წინააღმდეგ განხორციელებული დანაშაულერივი ქმედების უშუალო მონაწილე და იმდროინდელი ხელისუფლების დაკვეთის შემსრულებელი. შესაბამისად, ხალვაშისთვის რუსთავი 2-ის გადაცემა სამართლიანობის აღდგენა კი არ არის, არამედ არის გაუკუღმართებული შეხედულება სამართლიანობაზე.
2. როგორც ცნობილია, 2019 წელს ჩვენ ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ სარჩელი შევიტანეთ სასამართლოში და მოვითხოვეთ რუსთავი 2-ის 60% წილის დაბრუნება. გვსურს ვაცნობოთ დაინტერესებულ საზოგადოებას, რომ ჩვენს სარჩელზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დღემდე არცერთი პროცესი არ ჩატარებულა და არც ის არის ცნობილი, თუ როდის იქნება პირველი სხდომა. შედარებისთვის უნდა გავიხსენოთ, რომ როდესაც ,,ქართულ ოცნებას“, ქალბატონი თეას სიტყვებით რომ ვთქვათ, ,,არ ეძინა“, ქიბარ ხალვაშის 2015 წელს შეტანილ სარჩელზე საქალაქო სასამართლომ ზუსტად 3 თვეში ჩაატარა არაერთი სხდომა და მიიღო ხალვაშის სასარგებლო გადაწყვეტილება.
აღნიშნულ საქმეზე ერთი და იმავე სასამართლოს რადიკალურად განსხვავებული მიდგომა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქვეყანაში არსებულ უსამართლობას და შერჩევით სამართალს. ხელისუფლების ინტერესი ხალვაშის სარჩელის შემთხვევაში იყო დავის სწრაფად განხილვა და ასეც მოხდა: დაახლოებით წელიწადნახევარში სასამართლოს სამივე ინსტანციამ, უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის ჩათვლით, მიიღო გადაწყვეტილება. ეს იყო რეკორდულად სწრაფი დრო ქართული სასამართლოს ისტორიაში, რასაც ანალოგი არ მოეპოვება. ჩვენი სარჩელის შემთხვევაში კი ხელისუფლების ინტერესია პროცესის გაჭიანურება და შედეგად დღემდე არცერთი სხდომა არ ჩატარებულა.
3. გარდა ამისა, 2012 წელს ჩვენ საქართველოს პროკურატურაში შევიტანეთ განცხადება 2004 წელს მომხდარი დანაშაულებრივი ფაქტების გამოძიების მოთხოვნით. პროკურატურამ გამოძიება დაიწყო და რუსთავი 2-ის დამფუძნებლები დაზარალებულებადაც გვცნეს, მაგრამ შემდეგ საქმე ,,დააძინეს“ და პროკურატურის ბნელ და მტვრიან თაროზე შემოდეს. რატომ მოიქცა პროკურატურა ასე? პასუხი მარტივია: სისხლის სამართლის წესით დამნაშავეების დადგენა გაამარტივებდა იმას, რომ რუსთავი 2 მის კანონიერ მესაკუთრეებს დაბრუნებოდა, რაც არ შედიოდა ,,ქართული ოცნების“ ინტერესებში.
ჩვენ მოთმინებით ველით თუ როდის გაიღვიძებს სასამართლო და დაიწყებს ჩვენი სარჩელის განხილვას. ვითხოვთ ერთადერთ რამეს: სამართლიან სასამართლოს! კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ სამართლიანობა აღდგება მხოლოდ მას შემდეგ, რაც წართმეული რუსთავი 2 დაუბრუნდება მის დამფუძნებლებს", - ვკითხულობთ წერილში
აღიარება პირდაპირ ეთერში - წამოცდენა, თუ ჩამოქვეითებით გაბრაზებული წულუკიანის მიზანმიმართული განცხადება - ნახეთ სრულად აქ.