ვის უხდის ბოდიშს რუსთავი 2-ის ამჟამინდელი მფლობელი უცნობია. იუსტიციის ყოფილი მინისტრის სკანდალური გამოსვლის შემდეგ, ქიბარ ხალვაში მხოლოდ მცირე რეპლიკით შემოიფარგლა.
არ არის გამორიცხული ხალვაში ბოდიშს საკუთარ თანამშრომლებს უხდიდეს, რომლებსაც აქამდე ეგონათ რომ დამოუკიდებელ არხზე მუშაობდნენ და ეს დამოუკიდებლობა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს დამსახურება იყო.
წულუკიანმა მათ ოდნავ კრიტიკული კითხვის გამო უცებ აუხსნა, რომ მათი რუსთავი ორში მუშაობა მხოლოდ მისი და ქართული ოცნების დამსახურებაა.
დეპუტატი წულუკიანი პარლამენტში დღეს აღარ გამოჩენილა. მის ნაცვლად კითხვები მიხეილ სარჯველაძეს დავუსვით, რომელიც იმ დროს წულუკიანის მოადგილე იყო.
იუსტიციის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ სცადა აეხსნა რომ წულუკიანი თავის განცხადებაში სახელმწიფოს გულისხმობდა, რომელიც სტრასბურგის სასამართლოსი მხარედ გამოდიოდა.
საერთაშორისო სამართლის ექსპერტი, იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე თინა ბურჯალიანი თვლის, რომ წულუკიანმა ამ განცხადებით თქვა, როგორ მოახერხა ივანიშვილის დავალებით ქართულმა ოცნებამ დამოუკიდებელი ტელევიზიის ხელში ჩაგდება.
თეა წულუკიანის აღიარებითი ჩვენება არ გაკვირვებიათ ადვოკატებს, რომლებიც საქმის დაწყების დღიდან ამტკიცებდნენ რომ საქართველოში არსებული ყველა სასამართლო ინსტანცია სწორედ ქართული ოცნების დავალებას ასრულებდა.
იხსენებენ ქიბარ ხალვაშის მოულოდნელ გამოჩენას სტრასბურგში და არც ის უკვირთ რომ ივანიშვილის გუნდმა თავისის ლობისტების გამოყენებით ევროპულ სასამართლოზეც გავლენა მოახდინა.
მედიაექსპერტების შეფასებით, თეა წულუკიანის გაღიზიანება გადაცემის წამყვანის კითხვამ გამოიწვია და არხის წარმომადგენლებს გასაგებად აუხსნა რომ მის მიერ ქიბარ ხალვაშისთვის ნაჩუქარი რუსთავი 2-გან სრულ მორჩილებას მოითხოვს.
ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს არც წულუკიანის განცხადებამდე ეპარებოდათ ეჭვი რომ ეს პოლიტიკური საქმე იყო და არა ორ სუბიექტს შორის დავა.
რამ აიძულა თეა წულუკიანი ეს განცხადება გაეკეთებინა? არ არის გამორიცხული ის მორჩილი რუსთავი ორისგან კრიტიკული კითხვის გამო გაბრაზდა, ასევე დასაშვებია, თუმცა ნაკლებსავარაუდო რომ წამოცდა.
არის კიდევ ერთი ვერსია- თანაგუნდელებსა და ლიდერზე გაბრაზებულმა თანამდებობრივად დაქვეითებულმა ყოფილმა იუსტიციის მინისტრმა ეს სკანდალური განცხადება სპეციალურად გააკეთა.