დღეს, 17 დეკემბერს 15 წლის ლუკა სირაძის დაღუპვიდან ერთი წელი გავიდა.
მოზარდი პოლიციაში დაკითხვის შემდეგ, 2019 წლის 11 დეკემბერს საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულიდან გადმოხტა, ის რამდენიმე დღის განმავლობაში საავადმყოფოში კომატოზურ მდგომარეობაში იყო.
"ამ ცხოვრების დედაც" - ესაა "მწვაბე სკოლის" კედელზე გაკეთებული წარწერა, რომლითაც, მოზარდის ამბავი საზოგადოებამ გაიგო. გამოძიების დაწყებაც კედლებზე გაკეთებული წარწერების გამო სწორედ სკოლამ მოითხოვა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებდა, რომ ბავშვი მშობლის თანდასწრებით გამოკითხეს და მასზე ფსიქოლოგიურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.
"ეს საქმე კიდევ ერთი ტრაგიკული გამოვლინება იყო სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეზე ზრუნვის პოლიტიკის არარსებობისა და სახელმწიფო ინსტიტუტების სისტემური ჩავარდნისა, რასაც 15 წლის მოზარდის სიცოცხლე შეეწირა. ლუკა სირაძის შემთხვევა კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რამდენად სუსტია საგანმანათლებლო სისტემაში მოზარდების სოციალური მხარდაჭერის და თანადგომის მექანიზმები და ამავდროულად, როგორი ხისტად იჭრება საპოლიციო რეპრესიული აპარატი ადამიანების ცხოვრებაში", - წერს EMC მომხდარიდან ერთი წლის თავზე.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვანის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების შესაძლო ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.
რამდენიმე თვის წინ, ლუკა სირაძის საქმეზე ბრალდებულ გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანს, არასრულწლოვნისთვის ჩვენების იძულებით მიცემისთვის 3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. თავდ ჩოლოიანი კი წაყენებულ ბრალს არ აღიარებს.
EMC აღნიშნავს, რომ ჩოლოიანი მანამდეც ფიგურირებდა ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის საქმეში და სისტემამ მას ამის მიუხედავად, არასრულწლოვნების საქმის გამოძიება მაინც ანდო. მათივე განცხადებით, სამწუხაროა, რომ საზოგადოებას დღემდე არ აქვს ინფორმაცია, ვინ მიიღო აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტიელბა და აგო თუ არა პასუხი შსს-ს ხელმძღვანელობამ ამის გამო.