
კომპანია "რესპუბლიკა" კორონაკრიზისმა სრულ გაკოტრებამდე მიიყვანა. თბილისის ელიტარული კაფე ბარი დაიხურა. გადასახადების გადაუხდელობის გამო კი დენი და გაზიც ჩაუჭრეს. გადაუხდელია სესხი, რომელიც ამ ბიზნესის შესაქმნელად დამფუძნებლებმა გამოიტანეს. მხოლოდ ამ ობიექტზე 30 ადამიანი უმუშევარი დარჩა.
დღეს ეროვნულმა ვალუტამ ისტორიული ანტირეკორდი მოხსნა. 1 აშშ დოლარი კომერციულ ბანკებში დღეს 3 ლარი და 63 თეთრი ღირდა, დღის ბოლო ლარი 3 ლარსა და 50 თეთრზე გაჩერდა.
იმპორტიორები ამბობენ რომ ძველი ფასების შენარჩუნება შეუძლებელია და ან უნდა გაკოტრდნენ, ან ფასები გაზარდონ.
ეკონომისტები ამბობენ, რომ პრობლემა ხელისუფლებაშია და მთავრობას დღემდე არ წარმოუდგენია გეგმა, როგორ უნდა დაიძლიოს კორონაკრიზისი.
ეკონომიკის მინისტრმა დღეს ბიზნესიმპორტიორებს ცუდი მოლოდინებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. დღის ბოლოს გამოსავალი ისევ სავალუტო რეზერვების გაყიდვაში იპოვეს. ხვალ ეროვნული ბანკი ბაზარზე 40 მილიონ დოლარს გამოიტანს.