მუნიციპალური ინსპექციის უფროსის, ლევან ჯღარკავას განცხადებით სამგორში, თვარჭრელიძის ქუჩის მიმდებარედ 7 უკანონო მშენებარე შენობა-ნაგებობა დააფიქსირა. მისი თქმით, თუ 4 დღეში მეპატრონეები დემონტაჟს არ განახორციელებენ, მაშინ ამას ინსპექციის სამსახური გააკეთებს.
"ვინაიდან დამრღვევები ტერიტორიაზე არ იმყოფებოდნენ, ინსპექციის თანამშრომლებმა ობიექტზე გამაფრთხილებელი მოთხოვნები გამოაკრა, კანონის მოთხოვნის თანახმად, სამართალდამღვევი ვალდებულია უმოკლეს ვადაში დაუკავშირდეს საბუთზე მითითებულ საკონტაქტო ნომერს და უახლოეს ვადაში მოახდინოს შენობა-ნაგებობის დემონტაჟი. მედიის საშუალებით კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მათ, 4 დღის ვადაში განახორციელონ სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე მიმდინარე უნებართვო მშენებლობების დემონტაჟი, წინააღმდეგ შემთხვევაში მუნიციპალური ინსპექცია შესაბამისად დაიწყებს არსებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟს", - თქვა ლევან ჯღარკავამ.
შეგახსენებთ, რომ 15 დეკემბერს, მერიის ინსპექტირების სამსახურმა აფრიკის დასახლებაში სპეცტექნიკა შეიყვანა, რომლის საშუალებითაც უკანონო მშენებლობები დაანგრია. პოლიციასა და მოსახლეობას შორის დაპირისპირების დროს დაშავდა რამდენიმე მოქალაქე, მათ შორის ორსული ქალი, რომელიც სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა.
აფრიკის დასახლებაში მცხოვრებლები მერთან შეხვედრას ამ დრომდე ითხოვენ.