
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა ორგანიზაცია მედიის განვითარების ფონდს "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამის, 11 დეკემბერს გამოქვეყნებული პოსტის შესწავლისა და უფლებამოსილებისა და კომპეტენციის ფარგლებში რეაგირების თხოვნით მიმართა.
მედიის განვითარების ფონდი პრეზიდენტს პასუხობს, რომ სოც.ქსელში გავრცელებული სტატუსის შესწავლა მათ კომპტენციას სცილდება:
"მედიის განვითარების ფონდმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმართვა შეისწავლა და ვთვლით, რომ აღნიშნული საკითხი სოციალურ ქსელ ფეისბუკში ჩვენი უფლებამოსილების და კომპეტენციის ფარგლებს სცილდება. 2020 წლის სექტემბერში მედიის განვითარების ფონდის პლატფორმა "მითების დეტექტორი” ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში ფეისბუკის პარტნიორი გახდა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ჩვენ ვრეაგირებთ ფეისბუკში ვირუსულად გავრცელებულ ყალბ ინფორმაციაზე. ფეისბუკის პოლიტიკის თანახმად, აღნიშნულ სოციალურ ქსელში გამოთქმული მოსაზრებების გადამოწმება ჩვენი პროგრამული ამოცანის მიღმაა", - წერია ორგანიზაციის განცხადებაში.
აქვე, მედიის განვითარების ფონდი წერს, რომ "სათანადო ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ, გადავამოწმოთ, როგორც საქართველოს პრეზიდენტის, ასევე საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის მიერ მოწოდებული ისეთი ინფორმაცია, რომელიც ვირუსულად ვრცელდება და საზიანოა".
შეგახსენებთ, ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ნიკა გვარამიას წინააღმდეგ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წერილობით მიმართვაზე პასუხი გაავრცელა და თქვა, რომ - სოც.ქსელში პირადი მოსაზრება მედიაპროდუქტს არ წარმოადგენს.