
მამუკა მდინარაძე იუსტიციის მინისტრად დანიშვნას არ ადასტურებს. მისი თქმით, ამ თემასთან დაკავშირებით კონსულტაცია არ ყოფილა.
"ჩემი კანდიდატურა იუსტიციის მინისტრის პოზიციაზე არ განიხილება, ეს არის "მთავარის" მიერ მოგონილი ინფორმაცია. არ გამოვრიცხავ არაფერს ცხოვრებაში, თუმცა, არანაირი კონსულტაცია არ ყოფილა", - ამბობს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე.
პარლამენტში ფიქრობენ, რომ ამ ეტაპზე, იუსტიციის მინისტრის პოზიციაზე საუბარი უხერხულია, რადგან კანდიდატად გოჩა ლორთქიფანიძეა წარდგენილი.
"ჯერ უხერხულია ამაზე საუბარი იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ მინისტრობის კანდიდატად არის წარმოდგენილი ბატონი გოჩა, ის, რა თქმა უნდა, ნდობაგამოცხადებული იქნება და დაიწყებს მუშაობას, ამიტომ უხერხულია ამაზე საუბარი", - ამბობს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი.
ჯერჯერობით ისევ უცნობია, გამოიყოფა თუ არა ცალკე კულტურის სამინისტრო, რომლის ხელმძღვანელებადაც თეა წულუკიანი და ელისო ბოლქვაძე განიხილებიან.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის მინისტრის პოზიცია მარტიდან ვაკანტური იქნება, რადგან ამ პოსტზე წარდგენილი გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგაში სისხლის სამართლის მოსამართლედ დაინიშნა.