ერთპარტიულ პარლამენტში მინსიტრობის კანდაიტების მოსმენა გრძელდება. ცოტა ხნის წინ "ქართული ოცნების" დეპუტატების წინაშე უკვე წარსდგა განათლების მინისტრი. სხდომას, ასევე, ესწრებიან შინაგან საქმეთა, თავდაცვის, იუსტიციისა და ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატები.
სხდომამდე პოლიტიკოსებმა კომენტარები გააკეთეს. ბექა დავითულიანმა განმარტა, როგორ შემოვიდა საქართველოში რუსი ჟურნალისტი, მაქსიმ შევჩენკო, მისი მტკიცებით, ჟურნალისტი ბოლოს საქართველოში 2009 წელს იმყოფებოდა, ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევას კი მასთან დაკავშირებით უკვე ხანდაზმულობის ვადა გასული ჰქონდა. მისი თქმით, შევჩენკოს ბიზნეს ვიზა ჰქონდა და კარანტინის წესები ამიტომ არ შეეხო.
"რადიკალური ოპოზიციის რიტორიკა ელჩების წინააღმდეგ, რადიკალური ოპოზიციის რიტორიკაა საქართველოში დასავლეთის მონაწილეობასთან დაკავშირებით და შევჩენკო, რომელიც ბოლო პერიოდში ძალიან კრიტიკულადაა განწყობილი პუტინის რეჟიმისადმი და პირიქით, საქართველოსადმი უკვე მისი განწყობები კეთილგანწყობილია, ახლა ის ხდება თავდასხმის ობიექტი... 6 წელიწადში კანონდარღვევას გაუვიდა ვადა, შესაბამისად მას დღეის მდგომარეობით არ აქვს საქართველოს კანონთან პრობლმეა, ის ადგილზე მოიწვია მსხვილმა ბიზნეს ჯგუფმა, შეავსო ბიზნეს აპლიკაცია და შესაბამისად გამარტივებული წესით შემოვიდა, ამიტომ ეს რაღაც შეთქმულების თეორები ცოტა სასაცილოა", - თქვა ბექა დავითულიანმა.
რუს ჟურნალისტზე კითხვას უადგილო უწოდა დავით სერგეენკომ. დეპუტატი, შოთა ხაბარელი კი აცხადებს, რომ განათლების სამინისტროს კულტურის სამინისტროსთან ერთად სპორტის სამინისტროც ცალკე უნდა გამოეყოს.
პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაა, დეპუტატები განათლებისა და ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატებს მოუსმენენ. დღის მეორე ნახევარში პარლამენტში ძალოვანი უწყებების კანდიდატები წარსდგებიან.