როდის გაიმართება და გაიმართება თუ არა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მე-5 რაუნდი ჯერ ისევ უცნობია. ოპოზიცია თითქმის ორი კვირაა "ქართული ოცნებისგან" წინადადებას ელოდება. მმართველი გუნდის ნაწილი დიალოგის გაგრძელების რესურსს ხედვას, ნაწილი კი ფიქრობს, რომ არეალი დავიწროვებულია.
"მდგომარეობა მარტივი ნამდვლად არ არის, თუმცა, მე არ ვფიქრობ, რომ ეს ჩიხური მდგომარეობაა, ჩემი აზრით რესურსი მოლაპარაკებებისთვის არის. ამ შეთავაზებების წინასწარ გაჟღერება არ მგონია სწორი იყოს, შემდეგ მეხუთე რაუნდზე გამოჩნდება ეს შეთავაზებები. ამ რაუნდების ფილოსოფიაც ეგ არის, რომ მოხდეს ისეთი შეთავაზებების შეჯერება, რომელზეც კომპრომისი შესაძლებელი იქნება. მე არ ვიცი კონკრეტულად რაზე იქნება მეხუთე რაუნდზე ლაპარაკი, თუმცა, მჯერა, რომ მოლაპარაკებისთვის ადგილი ისევ რჩება", - თქვა დავით სერგეენკომ.
რაც შეეხება დეპუტატ ბექა დავითულიანს, მისი განცხადებით, მმართველმა გუნდმა ოპოზიციას ყველა ტიპის კომპრომისი თუ შეთანხმება შესთავაზა, რაც კი შეეძლოთ შეეთავაზებინათ, გარდა ერთისა - "ქართველი ხალხის არჩევანი რევიზიას ჩვენი მხრიდან ვერ დაექვემდებარება". მისი თქმით, მოლაპარაკებების არეალი დავიწროვდა.
ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ მათი მთავარი მოთხოვნა რიგგარეშე ან ხელახალ არჩევნებზე ისევ ძალაშია.
"ჯერ-ჯერობით ქართული ოცნება არ მოსულა არცერთი წინადადებით, იცით, რომ ჩვენ გვქონდა ბოლო რაუნდი და მოლაპარაკები შეწყდა ირაკლი კობახიძის მუქარის შემდეგ, როცა მან ნაციონალური მოძრაობის და სხვა პარტიების წინააღმდეგ სერიოზული მუქარის ენით ისაუბრა. ეს იყო ზუსტად ქართული ოცნების მიერ მაგიდის აყირავების მცდელობა. მოვიდნენ კეთილგონივრული წინადადებით", - თქვა ენმ-ს წევრმა, ხატია დეკანოიძემ.
ოპოზიცია მოლაპარაკებების გასაგრძელებლად მზადაა.