ირაკლი კობახიძის მიერ დაანონსებული, ოპოზიციისგან "სადამსჯელოდ" წოდებული კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გადაიგზავნება, რათა რეკომენდაციებით დაბრუნდეს უკან - გადაწყვეტილება "ოცნებამ" მიიღო, მაგრამ მმართველი პარტია უკანდახევას არ აღიარებს.
მეტიც, "ქართული ოცნება" ძველებურ, აქტიურ რეჟიმში აგრძელებს ოპოზიციაზე თავდასხმასა და ბრალდებებს.
ეს არის სადამსჯელო ღონისძიება ახლა და ამ ეტაპზე - აღიქმება შურისძიების აქტად ოპოზიციურ პარტიებზე და სწორედ ამიტომაც იგზავნება ვენეციის კომისიაში, ამასთან, ეს იქნება სამაგალითო სხვებისთვისაც, - ამბობს გიგი წერეთელი ევროპული საქართველოდან.
ოპოზიციას ისიც აინტერესებს, როდის იყო გულწრფელი ირაკლი კობახიძე: როცა სამართალში ლექციას კითხულობდა და ასაბუთებდა, რომ ბოიკოტის გამო პარტიებს დაფინანსება არ უნდა შეუწყდეს თუ ახლა, როცა ამტკიცებს, რომ პარტიებმა ბიუჯეტიდან დაფინანსება არ უნდა მიიღონ.
სანამ კანონპროექტი ვენეციის კომისიაში განიხილება, მეორე და მესამე მოსმენა არ გაიმართება, პირველ მოსმენაზე კი კანონპროექტს მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა, ხოლო წინააღმდეგი არავინ ყოფილა.