"ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი" საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებას რელიგიის თავისუფლების მიმართ საგანგაშოდ და შემაშფოთებლად მიიჩნევს.
ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ხელისუფლება უგულებელყოფს თანასწორუფლებიანობის პრინციპს და რელიგიურ ჯგუფებს შორის დისკრიმინაციას აღრმავებს.
მათი თქმით, დისკრიმინაციულია ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომ შობის დღესასწაულის აღნიშნვისას გამონაკლისი მხოლოდ მართლმადიდებელი მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული.
"მიმდინარე წელს, პანდემიის ფონზე, კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკა, რომელიც არღვევს სეკულარობისა და თანასწორუფლებიანობის პრინციპებს, ლახავს არადომინანტური რელიგიური ჯგუფების უფლებებს, ავლენს დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას განსხვავებული რელიგიური მრწამსის მოქალაქეების მიმართ.
ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ სახელმწიფო იცავს მხოლოდ რელიგიური უმრავლესობის რწმენისა და რელიგიის თავისუფლებას. როგორც ცნობილია, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვებიდან გამონაკლისი სახელმწიფომ მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ შობის დღესასწაულის აღსანიშნავად დაუშვა. ამის არგუმენტად ვიცე-პრემიერმა 27 ნოემბერს ის გარემოება დაასახელა, რომ “ჩვენი მოსახლეობის უმეტესი ნაწილი არის მართლმადიდებელი", - წერია ორგანიზაციის განცხადებაში.
ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა რელიგიური დღესასწაულების აღნიშვნის შესაძლებლობა სხვა აღმსარებლობის მოქალაქეებისთვის, მათ შორის, 25 დეკემბერი, როცა შობას ქრისტიანული სამყაროს უმრავლესობა აღნიშნავს.
ამასთან, საფრთხისშემცველია ხელისუფლების მოწოდება, რომ განსხვავებული კონფესიის წარმომადგენლებმა მრევლის სია მიაწოდონ სახელმწიფო სამსახურებს, რომლებიც მათთვის ერთჯერად საშვებს დაუშვებენ.
"ეს მოწოდება პირდაპირ მიანიშნებს სახელმწიფოს მცდელობაზე, ჩაერიოს რელიგიური ორგანიზაციების ავტონომიაში, შეადგინოს და დაამუშაოს მისი წევრების პერსონალური მონაცემები. კანონმდებლობით კი პირის რელიგიურ მრწამსთან დაკავშირებული ინფორმაცია განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემია. ამგვარი გადაწყვეტილება აიძულებს ადამიანებს, გაამჟღავნონ საკუთარი რელიგიური კუთვნილება. ამ გზით, სახელმწიფო ლეგიტიმური მიზნის გარეშე მოიპოვებს წვდომას რელიგიური გაერთიანებების სასულიერო პირებისა და წევრების შესახებ ინფორმაციაზე, მათ რაოდენობაზე, საცხოვრებელზე და სხვა მნიშვნელოვან პერსონალურ მონაცემებზე, რაც შესაძლოა ბოროტად იყოს გამოყენებული ადამიანებისა და ჯგუფების კონტროლისა და დაშინების მიზნით", - ვკითხულობთ განცხადებაში.
"ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი" მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვას რელიგიისა და სახელმწიფოს ურთიეთგამიჯვნის, პრინციპები, შეწყვიტოს რელიგიური გაერთიანებების მიმართ დისკრიმინაციული პოლიტიკის გატარება, საშუალება მისცეს მოქალაქეებს, დაუბრკოლებლად ისარგებლონ რწმენისა და რელიგიის თავისუფლებით და გააუქმოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო.
შეგახსენებთ, რომ მაია ცქიტიშვილის თქმით, კათოლიკური შობის ღამეს მრევლს ტაძარში მისასვლელად საშვის აღება მოუწევს.