ამ დრომდე უცნობია თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში მომხდარი დაპირისპირების მიზეზი, რა დროსაც კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ვანო ზანდარაშვილმა, თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი, ზურა საჩიშვილი, მოკლა.
რაც შეეხება დაჭრილს - თელავის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსს, ლევან ბერძენაშვილს - ის უკვე სახლში გაწერეს.
დაპირისპირება ერთერთი ადგილობრივის, დავით ლაჩაშვილის, სახლში, დაბადების დღის წვეულებაზე, კომენდანტის საათის დროს მოხდა.
"ჩემი მეგობრები იყვნენ. არ იცნობდნენ ერთმანეთს... დიდი ტრაგედიაა პირადად ჩემთვის", - თქვა ლაჩაშვილმა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ სროლის ხმა არ გაუგიათ.
"მკვლელობა მოხდა... პოლიციის უფროსის მოადგილემ მოკლაო საჩიშვილი ზურა, კარგი ადამიანი...", - ამბობს ერთერთი ადგილობრივი.
შეგახსენებთ, რომ საქმეზე პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომლითაც დასტურდება, რომ დაკავებული კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილეა.
ცნობისთვის, შემთხვევა წუხელ მოხდა.
ავტორი: ია გულიაშვილი