
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე აღიარებს რომ ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა და ამ მდგომარეობის გამოსწორების იმედი არ უნდა გვქონდეს.
განცხადება კოვზანაძემ საკანონმდებლო ორგანოში, ბიუჯეტის 2021 წლის პროექტის წარდგენის დროს გააკეთა.
მისი თქმით, გაზრდილია უმუშევრობა; შემცირებულია მოსახლეობის შემოსავლები, ინვესტიციები; გაზრდილია დავალიანებები, ხოლო წლის განმავლობაში ლარი დაახლოებით 15%-ით არის დევალვირებული.
იმედით შევყურებთ 2021 წელს, მაგრამ უნდა ვიყოთ რეალისტები და არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ 2021 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვანი შემოდინება იქნება. თითოეული მილიონი ამერიკული დოლარი, ვფიქრობ, რომ სანთლით საძებარი იქნება; ასევე არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ შემცირებული ერთობლივი მოთხოვნის ფონზე ვაჭრობის სექტორი, რომელიც პანდემიამდელი მშპ-ს დიდ ნაწილს - 14%-ს ქმნიდა, სრულიად აღდგება; ასევე, არ მაქვს ილუზია, რომ უძრავი ქონებით განხორციელებული ოპერაციები, რომელიც მშპ-ს 11.5% იყო, სრულიად აღდგება; არ მაქვს განსაკუთრებული ილუზია, რომ ტურიზმი, რომელიც მშპ-ს 8% იყო და ტურიზმიდან შემოსავლები 3.5 მლრდ დოლარს უახლოვდებოდა, პანდემიამდე არსებულ დონეს ალბათ მომდევნო 2 წლის განმავლობაში ვერ აღიდგენს". - ამბობს კოვზანაძე.
მისივე თქმით, 2020 წელს საბანკო სექტორი ზარალით დაასრულებს ან მიუახლოვდება 0-ს, რაც 2008-2009 წლებს შემდეგ პირველად ხდება.