რაგბის კავშირში საპრეზიდენტო არჩევნები დღეს ერთ საათში გაიმართება. გამარჯვებული ბაჩო ხურციძეს, ირაკლი აბუსერიძეს და გოჩა სვანიძეს შორის უნდა გამოვლინდეს, თუმცა ხურციძე არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს.
"არჩევნების წესდების ერთი პუნქტი უკვე დარღვეულია, და მეორე, 95 ხმის ნაცვლად. მონაწილეობას ღებულობს 82 ხმა, ეს 82 ხმა აწყობს, იმ ორ გაერთიანებულ კანდიდატს, ეს ორი კანდიდატი, რომ ერთმანეთთან გარიგებულია ყველამ იცის, შევრიგდითო და შერიგდნენ გარიგდნენ სხვა საქმეა, მე ველოდები, რომ დღეს 45–48 ხმა არ მივა, საერთოდ გამოვრიცხავ ზეწოლას, თუ ვინმესგან ზეწოლა იყო ეს იყო მათი გუნდის წევრებისგან " – ამბობს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატი ბაჩო ხურციძე
პრეზიდენტობის კანდიდატი ირაკლი აბუსერიძე კი ამბობს, რომ ხურციძე, სამინისტროს და გამგეობას ულტიმატუმის ენით ელაპარაკება და ვერმოგების შემთხვევაში, არჩევნების გასაჩივრებას აპირებს. ასევე ის საუბრობს ზეწოლაზე, რომელიც შესაძლოა სარაგბო კლუბებზე ხდებოდეს.
გუშინ, მუნიციპალურმა სარაგბო კლუბებმა, განცხადება გააკეთეს, რომ მთავრობა რაგბის საპრეზიდენტო არჩევნებში აქტიურად ერეოდა – მთავრობის სახელით გვირეკავენ, ციხით და დაფინანსების შეწყვეტით გვაშინებენ – სარაგბო კლუბები. სარაგბო კლუბებმა, ზეწოლაში, ოცნების მაჟორიტარი გივი ჭიჭინაძე დაადანაშაულეს, დღეს მათი ნაწილი არჩევნებზე არ გამოცხადდება.
სარაგბო კლუბების საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი რამაზ ხარაზიშვილიც ამბობს, რომ ხურციძემ მას შემდეგ დააყენა არჩევნების ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ, რაც მიხვდა, რომ არჩევნებს ვეღარ მოიგებდა: "ეგონა, იგებდა, კარგად დათვალა და ნახა, რომ ის არ იყო დაწინაურებული, ამის შემდეგ, სხვა მიმართულებით წავიდა" – ამბობს რამაზ ხარაზიშვილი
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტობის ერთ–ერთი კანდიდატი, ბაჩო ხურციძე, რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევდა.
ხურციძის მოთხოვნის საფუძველზე რაგბის კავშირში არჩევნების გადადების განსახილველად სხდომა ჩაინიშნა.
რაგბის კავშირში საპრეზიდენტო არჩევნების გადასადებად გამართულ სხდომას, ხურციძისგან განსხვავებით, სხვა ორი კანდიდატი აპროტესტებდა.