"მთავარი არხის" დირექტორი, ნიკა გვარამია, ამბობს, რომ საქართველოში პოლიტიკურად უმძიმესი პერიოდი 2016 წლიდან დაიწყო, მაშინ როცა "ქართულმა ოცნებამ" საპარლამენტო არჩევნებში არაკონსტიტუციური უმრავლესობით გაიმარჯვა, თუმცა მალევე, ყველა მიხვდა, რომ "ოცნება" უნდა წასულიყო და ეს ნება 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დააფიქსირა:
"2016-ის მერე დაიწყო პოლიტიკურად უმძიმესი პერიოდი. 2016-ში "ოცნებამ" მოიგო, არასაკონსტიტუციო უმრავლესობით, მაგრამ მოიგო. ჯერ კიდევ "ოცნებას" უჭერდა ხალხი მხარს, მაგრამ ზუსტად 1 წელიწადში ყველა მიხვდა, რომ "ოცნება" უნდა წავიდეს.
2018 წელს ეს უკვე ხალხმა დააფიქსირა თავისი ბიულეტენებით. პირველი ტური მოიგო გრიგოლ ვაშაძემ, უცნაურად გამქრალმა პოლიტიკური არეალიდან. ფაქტობრივად, ის პრეზიდენტი გახდა იმიტომ, რომ მას წააგებინეს არჩევნები მეორე ტურში მასობრივი მოსყიდვით და დაშინებით - ამბობს ნიკა გვარამია "დღის სტუმარში" საუბრისას.
"მთავარი არხის" გენერალურმა დირექტრომა 2020 წელი "მთავარი არხის" ეთერში შეაჯამა. ნიკა გვარამია ამბობს, რომ ქვეყანა უმძიმეს კრიზისშია, მაგრამ "კრიზისმენეჯერი არ გვყავს".
ნიკა გვარამიამ კიდევ ერთხელ ისაუბრა 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე და გაყალბებულ შედეგებზე:
ის, რაც მოხდა 2020 წელს, ესეთი ამ ქვეყანაში არ მომხდარა. მახსოვს, ჯონდი ბაღათურიამ ყუთები რომ მოიპარა და გადაყარა მტკვარში, მაშინაც კი არ ხდებოდა ის, რაც ეხლა მოხდა. ეხლა გადაყრამ, ჩაყრამ, მიყვანამ, მოყვანამ არ უშველა და დადგნენ და ოქმები დაწერეს", - ამბობს ნიკა გვარამია.
მმისივე თქმით, "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ კარგად იცის, რომ რეალურად, ხალხს არ აურჩევია, ამიტომ მას სძულს და ეშინია ხალხის:
"დღეს გვყავს ხელისუფლება, რომელმაც იცის, რომ ხალხმა ის არ აირჩია და მას სძულს და ეშინია ხალხის და დღეს ჩვენ გვყავს ხალხი, რომელმაც იცის, რომ ჰყავს ხელისუფლება, რომელიც არ აურჩევია და სძულს ეს ხელისუფლება", - ამბობს ნიკა გვარამია.
ამასთან, როგორც ნიკა გვარამია ამბობს, 21-ე საუკუნეში ქუჩის პროტესტი ერთადერთი არ არის, რისი საშუალებითაც საზოგადოებას პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება შეუძლია. მისი თქმით, პასიურ პროტესტსაც დიდი გავლენა შეიძლება ჰქონდეს.
"კორონაა ქვეყანაში, შიმშილია, აქამდე მიიყვანა "ოცნებამ" და 21-ე საუკუნეში ქუჩის პროტესტი არ არის ერთადერთი რამ, რითიც შეიძლება გადაწყვეტილება მიიღოს საზოგადოებამ. ეს რომ ყოფილიყო 10 წლის წინ, ბევრად მასობრივი პროტესტი იქნებოდა. დღეს, ერთი მხრივ, საჯაროობას უზრუნველყოფს Facebook, მაგრამ ოპოზიციისთვის წამგებიანია, ორთქლის გამოშვება ხდება. იგივე, ჩვენი არხის არსებობაც, ეს ხელისუფლება რომ მიიწერს, რომ დემოკრატიაა და პლურარიზმია, ყველამ ხომ იცის, ყველაფრის საწინააღმდეგოდ ვარსებობთ. მაგრამ პასიური პროტესტიც პროტესტია", - ამბობს ნიკა გვარამია.