შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ უწყებამ საქართველოში, ბოლო 24 საათში, COVID-19-ის წინააღმდეგ მოქმედი რეგულაციების დარღვევის 368 ფაქტი გამოავლინა.
"სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 368 ფაქტი გამოვლინდა", - ნათქვამია განცხადებაში
უწყების ინფორმაციით, 87 მოქალაქე დაჯარიმდა - ღამის 9 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილების შეზღუდვის წესის დარღვევისთვის. ხოლო, პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე კი, 281 ფიზიკური პირი დაჯარიმეს.
"პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 87 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 281 ფიზიკური პირი დაჯარიმდა", - წერია განცხადებაში
აქვე გეტყვით, რომ პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით. იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.