
ერთპარტიული პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 4 იანვრის "პატრიოტთა ალიანსის" წევრების ირმა ინაშვილის, გიორგი ლომიას და გოჩა თევდორაძის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განიხილავს. "პატრიოტთა ალიანსის" წევრი, გოჩა თევდორაძე "მთავარ არხთან" საუბრისას ამბობს, რომ მათი მოთხოვნა ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით უცვლელი რჩება.
"ჩვენ უკვე გამოვხატეთ ჩვენი ნება, მივმართეთ პარლამენტს, ჩვენ დეკემბრის 21-ში მივმართეთ, ადრეც შეიძლებოდა ეს საკითხი განხილულიყო, 4 იანვარს იქნება განხილული, 20 იანვარს თუ 4 თებერვლას, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენი მოთხოვნა ძალაშია და იმ დღიდან პარლამენტი კარგავს ლეგიტიმაციას, ეს უნდა იცოდეს ხელისუფლებამ და დღის წესრიგში დგება ვადამდელი არჩევნების ჩატარების საკითხი", - ამბობს გოჩა თევდორაძე.
კომიტეტის დასკვნა გადაწყვეტილების მისაღებად უახლოეს სესიაზე გავა.
ცნობილია, რომ "პატრიოტთა ალიანსიდან" მანდატზე უარის თქმას არ აპირებს ავთანდილ ენუქიძე. ირმა ინაშვილი და პარტიის სხვა ლიდერები კი ამბობენ, რომ მათი პოზიცია უცვლელი რჩება და ენუქიძეს აქვს უფლება ისე იმოქმედოს, როგორც სურს.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო მანდატზე უარი თქვა "ნაციონალურმა მოძრაობემ", "ევროპულმა საქართველომ" "სტრატეგია აღმაშენებელმა", "რესპუბლიკელებმა", "ლელომ", "ლეიბორისტულმა პარტიამ" და ზურა ჯაფარიძემ.