
თელავში, სამოქალაქო აქტივისტთა მიერ თეატრის წინ გაშლილი კარვის მიზანმიმართული დაზიანების ფაქტზე, ობიექტური გამოძიების ჩატარების მოთხოვნით თელავის პოლიციაში შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა.
აქტივისტებმა გამოძიების მოკლე ვადაში დასრულებისა და დამნაშავეთა უმკაცრესად დასჯის პირობას მიიღეს. სამართალდამცველთა თქმით, ინციდენტის მონაწილეები იდენტიფიცირებული არიან.
აქტივისტებმა პოლიციისგან, კარავში მყოფთა უსაფრთხოების მიზნით, მიმდებარე ტერიტორიაზე პატრულის ეკიპაჟის განთავსების პირობაც მიიღეს.
"ეს იყო ფაქტობრივი მკვლელობა, იქედან გამომდინარე, რომ კარავს არა აქვს მყარი კედლები, მანქანის დარტყმა რომ შეეკავებინა და სრულიად შემთხვევით მოხდა, რომ ვინმე არ დაშავდა. რომ არა ერთი პატარა რკინა, ტრაგედია გარდაუვალი იყო", - ამბობს აქციის მონაწილე აქტივისტი.
შეგახსენებთ, ინციდენტი 1 იანვარს მოხდა, როცა კარავს მსუბუქი მანქანა მიზანმიმართულად დაეჯახა.
აქვე გეტყვით, საპროტესტო აქცია თელავში, თეატრის წინ, 2020 არჩევნების გაყალბებისადმი პროტესტს უკავშირდება და 7 დეკემბრიდან მიმდინარეობს.
ავტორი: ია გულიაშვილი