ენმ-ში დიდი განახლების, დიდი გადალაგების დროა - ნიკა მელია

გამოქვეყნდა:

ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში დიდი განახლების დროა - აცხადებს პარტიის ახალი თავმჯდომარე ნიკა მელია.

"ფეისბუქზე" გავრცელებულ მიმართვაში მელია წერს, რომ ხელისუფლების ჩამოსაშორებლად ერთიანი ბრძოლაა საჭირო და ამ ყველაფერს სჭირდება როგორც ძველი და გამოცდილი, ისე ახალი ადამიანები: 

რაც არ უნდა ორგანიზებული და შემართული იყოს პოლიტიკური ძალა, გარკვეულ ხანში, ყოველთვის დგება განახლებისა და ცვლილებების აუცილებლობის ეტაპი.

დღეს, ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში სწორედ დიდი განახლების, დიდი გადალაგების დროა და ეს კანონზომიერია.

ცვლილებების აუცილებლობა არ ნიშნავს იმას, რომ აქამდე ბევრი რამე არასწორად ხდებოდა, არც იმას რომ ვინც წინა ფლანგზე ჩანდა, დაუმსახურებლად ჩანდა და ამიერიდან აღარ უნდა ჩანდეს.

ცვლილებების აუცილებლობას ქმნის ის გამოწვევები, რომელიც პარტიის, საერთოდ ქვეყნის წინაშეა - დასამარცხებელია და ხელისუფლებიდან ჩამოსაშორებელია ძალა, რომელიც ქვეყანას დიდ და ღრმა უფსკრულისკენ მიაქანებს.

ამ ძალის დასამარცხებლად არ კმარა და აშკარად გასაფართოვებელია არსებული ფრონტი. სწორედ ამიტომ აუცილებელია შემოგვიერთდეს ამ ქვეყნის რაც შეიძლება მეტი მოქალაქე, როგორც ენერგიით სავსე ახალგაზრდები, ახალი თაობა, ისე გამოცდილებით სავსე უფროსი თაობა. შემოგვიერთდეს ხალხი, რომელიც აქამდე თავს არიდებდა ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად ბრძოლას, ან საერთოდ პოლიტიკურ პროცესებს.

ძალიან ბევრი, აქამდეც იყვნენ ჩვენ რიგებში და იბრძოდნენ კიდეც ჩვენს მხარდამხარ, მაგრამ ამიერიდან მათ მეტი გასაქანი უნდა მიეცეთ და მივცემთ კიდეც.

დიდი და მასშტაბური ფრონტი ყველას აძლევს ასპარეზს - მათაც ვინც აქამდე ჩვენთან ერთად არ იბრძოდა, მათაც ვინც ზურგს გვიმაგრებდა და ახლა მხარდამხარ იბრძოლებს და მათაც, ვინც აქამდე წინა ხაზზე იდგა.

ახლა ყველა ერთად და მხარდამხარ ვიბრძოლებთ ერთიანი მიზნისთვის

ჩვენ არ გვინდა ძველი ძალების ახლით ჩანაცვლება, ჩვენ გვინდა ჯამის შეცვლა და შესაბამისად - შესაკრებთა შეკრება და არა შესაკრებთა გადაადგილება.

ძალა ერთობაშია

ძალა საკუთარი ძალების რწმენაშია" წერს ნიკა მელია

ნაციონალურმა მოძრაობამ ნიკა მელია პარტიის თავმჯდომარედ 2020 წლის 27 დეკემბერს დაამტკიცა. მელია თავმჯდომარედ ფეისბუქის საშუალებით, ელექტრონული კენჭისყრით გამოვლინდა, რომელშიც ლევან ვარშალომიძეც მონაწილეობდა.

ნიკა მელიამ ხმების  64.9% , ხოლო ლევან ვარშალომიძემ 35.1% აიღო.

შეგახსენებთ, რომ ახალი თავმჯდომარის არჩევის აუცილებლობა ენმ-ში მას შემდეგ დადგა, რაც გრიგოლ ვაშაძემ გასული წლის 15 დეკემბერს პარტია დატოვა

  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი