
მსოფლიო პანდემიის ფონზე ბიძინა ივანიშვილის ქონება ბოლო ერთ თვეში 100 მილიონი დოლარით გაიზარდა და მისი ქონება უკვე 5.67 მილიარდს შეადგენს.
თუმცა, ბლუმბერგის კალკულაციაში ვერ მოხვდა ივანიშვილის და მისი ოჯახის წევრების სადაზღვევო პოლისი.
გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ ოფშორებში ივანიშვილის ოჯახის დაზღვევა 550 მილიონ დოლარზე მეტს შეადგენდა და ეს თანხა ქონების დაყადაღების შემთხვევაშიც კი ხელშეუხებელია.
ამის გარდა, ივანიშვილის ოფიციალურ დეკლარაციაში არ ფიქსირდება ეს ბიზნესცენტრიც, რომელიც ასევე ოფშორში რეგისტრირებული კომპანიის მფლობელობაშია.
ხელისუფლების ოპონენტებს კითხვის ნიშნებს უჩენს ის გარემოება, თუ როგორ შეძლო რუსეთში გამდიდრებულმა ბიძინა ივანიშვილმა 2012 წლიდან ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ქონების რეკორდულად გაზრდა.
ოპოზიციისგან განსხვავებით ივანიშვილის გამდიდრების სქემით არ ინტერესდებიან ქართული ოცნების დეპუტატები და ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის მსგავსი ქველმოქმედი საქართველოს არ ჰყავს.
ბლუმბერგისვე მონაცემით, მას შემდეგ, რაც ივანიშვილის ქონება 100 მილიონი დოლარით გაიზარდა, მან მსოფლიოს მილიარდერთა სიაში 459-ე ადგილი დაიკავა.
ავტორი: ნინო ღვედაშვილი