მართლმადიდებელი ეკლესია დღეს შობას აღნიშნავს, რის გამოც, ახალი წლის მსგავსად, ერთი ღამით მოიხსნება ე.წ. კომენდანტის საათი.
6 იანვრის 21 საათიდან 7 იანვრის 21 საათამდე მოქალაქეებს ღამით გადაადგილების საშუალება ექნებათ, ხოლო 7 იანვრის 21 საათიდან, შეზღუდვა ისევ ამოქმედდება.
ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება შობის დღესასწაულის გამო მიიღო, თავად შობა კი წელს განსხვავებული ფორმატით ჩაივლის.
დაწესებული რეგულაციებიდან გამომდინარე არ მოეწყობა ტრადიციული ალილო, სამაგიეროდ სასულიერო პირები დედაქალაქის ქუჩებში ჩამოივლიან და აკურთხებენ, საშობაო მსახურება კი სამებაში 23 საათიდან დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში 28 ნოემბრიდან მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს, რომლებიც მხოლოდ 1 კვირით (24 დეკემბერი - 2 იანვარი) მცირედით შემსუბუქდა და სავაჭრო ცენტრები გაიხსნა. 2 იანვრიდან კი ისევ დაკეტა.
ქვეყანაში არ მოძრაობს არც საქალაქთაშორისო და არც საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
გეგმის მიხედვით, ქვეყანაში შეზღუდვები 16 იანვრიდან მნიშვნელოვნად უნდა შემსუბუქდეს. უფრო კონკრეტულად კი აღდგეს მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა და შაბათ-კვირის გარდა, აღდგეს სავაჭრო ობიექტებისა და ღია და დახურული ბაზრობების მუშაობაც.
თუმცა, ამ ეტაპზე უცნობია რა გადაწყვეტილებას მიიღებს ხელისუფლება და არ არის გამორიცხული რომ შეზღუდვები ისევ გაგრძელდეს. მათი თქმით ყველაფერი ეპიდვითარებაზე იქნება დამოკიდებული.