დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, ჯერ ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შტამის აფეთქებას არ უნდა ველოდოთ. ამ თემაზე მან კითხვას საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე უპასუხა.
"ჯერ ახალი შტამის აფეთქებას რატომ ველოდებით არ ვიცი, იმიტომ რომ ჯერჯერობით ბრიტანეთში სამხრეთში და ლონდონშია მარტო და ახალმა შტამმა ჩაანაცვლა მოცირკულირე შტამები, მაგრამ სხვა ქვეყნებში ახალი შტამის აფეთქება ჯერ აღწერილი არ არის. ერთი შემთხვევა, რომელიც ჩვენ გვაქვს გამოვლენილი, არა მგონია, ჯერჯერობით რაიმე აფეთქების მომასწავებელი იყოს, მით უმეტეს, რომ მისი მიმდინარეობა არაფრით განსხვავდება ძველი შტამების სიმძიმისგან", - თქვა პაატა იმნაძემ.
იმნაძის განცხადებით, სამეცნიერო პუბლიკაციები ჯერ არ გამოქვეყნებულა იმასთან დაკავშირებით, რომ ახალი შტამი ახალგაზრებში მეტად ვრცელდება.
აქვე შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 800 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 489 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 20 პაციენტი გარდაიცვალა.
აქვე შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთში დაფიქსირებული კორონავირუსის ახალი შტამიდან გამომდინარე, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბოლო 14 დღის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის ისტორიის მქონე ყველა ქვეყნის მოქალაქე საქართველოში შემოსვლისას 12-დღიან სავალდებულო კარანტინს დაექვემდებარება.