შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კოტე აფხაზის ქუჩაზე მდებარე ბარს - "სახელოსნოს" ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერეს. უწყებაში აცხადებენ, რომ ბარი დაჯარიმების მიუხედავად კვლავ აგრძელებდა ეკონომიკურ საქმიანობას და ობიექტზე მოქალაქეები კომენდანტის საათის დროსაც იმყოფებოდნენ.
აღნიშნული კომპანია შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა 2020 წლის ნოემბერში, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის დადგენილების მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე პრიმა-10 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის 10 000 ლარით დააჯარიმა.
"აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის გამო, ბარ სახელოსნოს მიმართ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 248-ე პრიმა მუხლით დაიწყო. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 2021 წლის 7 იანვარს, სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბარში ჩხრეკა ჩაატარეს და ობიექტი დალუქეს - სახელოსნოს ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერდა", - წერია უწყების განცხადებაში.
შსს-ში აცხადებენ, რომ აღნიშნულ საქმეზე გრძელდება ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები.