საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის დაბადების დღის წვეულებაზე მყოფი სასულიერო პირების ნაწილი თვითიზოლაციაში არ იმყოფება და ღვთისმსახურებას განაგრძობს. როგორც მეუფეები ამბობენ, მათ იზოლაციის მკაცრი რეკომენდაცია არ მიუღიათ და სწორედ ამიტომ განაგრძობენ მსახურებას.
"საგანგებო შეტყობინება თვითიზოლაციაზე და სიფრთხილის დაცვაზე არ ყოფილა... რეკომენდაციები რაიმე დამატებითი არ ყოფილა", - ამბობს აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი.
ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი კი ამბობს, რომ მას კოვიდტესტის ჩატარებაზე უარი იმის გამო უთხრეს, რომ ვირუსი უკანასკნელ სამ თვეში უკვე გადაიტანა.
"ვიყავი და უარი მითხრეს ტესტის აღებაზე. მიზეზად დაასახელეს, რომ ვისაც გადატანილი აქვს 3 თვის განმავლობაში აღარ უღებენ ტესტს", - ამბობს მეუფე ნიკოლოზი.
შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოში 55 პირს PCR ტესტი უკვე ჩაუტარეს და ყველა მათგანი საკარანტინე რეჟიმში იმყოფება. საპატრიარქოში გაფართოებული ტესტირება მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტს, შორენა თეთრუაშვილის კორონავრიუსი დაუდასტურა. აქვე გეტყვით, რომ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ გუშინ მედიასთან ეს ინფორმაცია ჯერ დაადასტურა, შემდეგ უარყო. "მთავარი არხის" ინფორმაციით, შორენა თეთრუაშვილის კორონავირუსი სწრაფი ტესტით გუშინვე დადასტურებული ჰქონდა. მიუხედავად ამისა, საღამოს საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, რომ PCR ტესტის პასუხი ხვალ იქნებოდა ცნობილი.
საყურადღებოა ისიც, გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ 4 იანვარს შორენა თეთრუაშვილის სინოდის სხვა წევრებთან ერთად პატრიარქის დაბადების დღეზე იმყოფებოდა.
ავტორი: დეა მამისეიშვილი