ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას მისივე დაფუძნებული "ოცნების" პარლამენტარი წევრები ეხმაურებიან – მამუკა მდინარაძის თქმით, ივანიშვილის წასვლა გულდასაწყვეტია.
"გულდასაწყვეტია მისი ეს გადაწყვეტილება, ეს ადამიანური ფაქტორი აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც ამ ქვეყანაში უზრუნველყო დემოკრატიული განვითარების შეუქცევადი პროცესი. ეს არის ჩვენთვის ძალიან დიდი გამოწვევა, ჩვენ ვფიქრობთ რომ ამ გამოწვევას უნდა გავუმკლავდეთ და ეს ასეც იქნება, ჩვენ ალბათ, ამ დღეების განმვლობაში, ძალიან ბევრ აბსურდულ ნარატივს, მესიჯს ვნახავთ, ისინი ეცდებიან, ეს ერთი მხრივ თამამი, დემოკრატიული, მორალური სტანდარტების შესაბამისი გადაწყვეტილება, რამენაირად გააუფერულონ, რაც შეეხება პარლამენტის ერთპარტიულობას, ძალიან გულდასაწყვეტია, პარტიისთვის, პარტიული ტელევიზიისთვის, ნაც–მოძრაობას ვგულისხმობ და მისი კლასტერისთვის, რომ საქართველოს პარლამენტში უკვე ორი სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები არიან, მაგრამ ჯიუტად იმეორებენ მაინც თავიანთ მესიჯბოქსს, ზოგიერთის განცხადებით მათი კლასტერიდან კიდევ უფრო ერთპარტიული გახდა პარლამენტი, ასეთ აბსურდში შეყოლას არ ვაპირებ. აქამდე თუ ვინმეს მიაჩნდა, მათ შორის თქვენ, რომ ის არაფორმალური მმართველი იყო, ეს არის მძიმე შეცდომა" , – ამბობს პარლამენტის ფრაქციის "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე
"ოცნებაში" ამბობენ, რომ უახლოეს დღეებში გასაჯაროვდება პარტიის ახალი თავმჯდომარის ვინაობა.
"მისი ეს ნაბიჯი, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ მისი მიზანი პოლიტიკაში მოსვლისას, არასდროს ყოფილა ძალაუფლების მოხვეჭა, ჩვენ გვახსოვს მისი დაპირებები, რომ ის დაასრულებდა ძალადობრივ რეჟიმს და მან ეს განახორციელა. მოხდა ჩვენი ქვეყნის ძალიან პროდასავლური კურსის გაძლიერება. ძალიან ახლო დღეებში თქვენ ყველა მიიღებთ ინფორმაციას თუ ვინ იქნება პარტიის თავმჯდომარე." – ამბობს ერთპარტიული პარლამენტის თამვჯდომარის მოადგილე კახა კუჭავა
ოპოზიციაში ივანიშვილის წასვლას უპასუხისმგებლობას უწოდებენ და ქვეყანაში შექმნილ უმძიმეს ეკონომიკურ ვითარებაზე პასუხისმგებლობას სწორედ ოლიგარქს აკისრებენ.
"ეს არის გაქცევა იმ პასუხისმგებლობისგან, რომელიც ეკისრება ივანიშვილს იმ უმძიმეს მდგომარეობაზე, რომელიც არის დღეს ქვეყანაში, დეფოლტის წინაშე მდგარი ქვეყანა, უმძიმესი ეკონომიკური ვითარება, ეს არის სწორედ ის მემკვიდრეობა ოლიგარქიის. ამიტომ ივანიშვილმა მთელი პასუხისმგებლობა გაღარიბებაზე და ჩამოშლილ ჯანდაცვის სისტემაზე, გადაწყვიტა საკუთარ გუნდს დააკისროს. "– ამბობს ენმ–ს ლიდერი ხატია დეკანოიძე
"ქართველმა ხალხმა არჩევნებზე ვირთხის წელიწადს გამოუტანა წირვა ივანიშვილს, მან იჭირვეულა და ახლა უკვე ხარის წელიწადს გადაწყვიტა წასვლა, როგორც ხარმა. მაგრამ არსი არ შეცვლილა, ის დამარცხდა არჩევნებზე როგორც ვირთხა და მიისაკუთრა ძალაუფლება, დღევანდელი წერილი არაფერს არ ცვლის, სანამ მურუსიძე იქნება, ძალაუფლება ისევ ივანიშვილის ხელში იქნება, მისი დღევანდელი განაცხადი უკიდურესი სისუსტის გამოვლინებაა, მისი მმართველობის ქვეშ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი გაღარიბდა და უკიდურეს გაჭირვებაში ჩავარდა" – ამბობს ევროპული საქართველოს ლიდერი გიგი უგულავა
ბიძინა ივანიშვილმა ისტორიული კვალი დატოვა ქართულ პოლიტიკაში – ანრი ოხანაშვილი
ბიძინა ივანიშვილი "ოცნების" თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს და პოლიტიკიდან ისევ მიდის