
შეუძლებელია ერთ კომენტარში ჩაატიო ის დიდი ღვაწლი, რაც ბიძინა ივანიშვილმა მოიტანა - თავდაცვის მინისტრი ბიძინა ივანიშვილის ღვაწლზე საუბრობს და მორიგ მადლობას უხდის.
ირაკლი ღარიბაშვილმა "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა განცხადება და თქვა, რომ "უნდა გაიმიჯნოს მისი პოლიტიკური მოღვაწეობა და ქველმოქმედება", მისივე შეფასებით, ივანიშვილმა დღევანდელი გადაწყვეტილებით აჩვენა "უმაღლესი სტანდარტი", რომელსაც სჭირდება შეფასება და დაფასება - "ამ ფენომენს სჭირდება კარგი შეფასება და დაფასება" ამბობს ღარიბაშვილი.
გარდა ამისა, ღარიბაშვილი ამბობს, რომ არ მოიძებნება პრეცედენტი ქვეყნის დამოუკიდებლობის 30 წლიან პერიოდში, როდესაც მესამე ვადით არჩეული ხელისუფალი ტოვებს პოლიტიკას.
ამ 30 წლის განმავლობაში მაგალითი და პრეცედენტი არ მოიძებნება იმისა, რომ ადამიანს გაემარჯვოს მესამე ვადით, ხელისუფლებაში დარჩა და ამის შემდეგ საკუთარი ნებით და საკუთარი სურვილით განაცხადა უარი. ამ ფენომენს რა თქმა უნდა სჭირდება, ჯერ ერთი, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, კარგად დაფიქრება, შეფასება და ამის შემდეგ დაფასება" - ამბობს ღარიბაშვილი.
ღარიბაშვილმა დღეს ივანიშვილის მიღწევებზეც ისაუბრა და ყველაზე დიდი მონაპოვრად "ქვეყნის მჩაგვრელი და მოძალადე რეჟიმისგან გათავისუფლება" დაასახელა.
"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა დასახელდა.
შეგახსენებთ, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დღეს თავმჯდომარეობიდანაც და პოლიტიკიდანაც კიდევ ერთხელ წავიდა და ვრცელი გამოსამშვიდობებელი წერილი გაავრცელა.