"მთავარის" ინფორმაციით, "ქართული ოცნების" პარტიის თავმჯდომარედ კახა კახალაძის კანდიდატურაც მოიაზრებოდა, თუმცა ამ ეტაპზე ირაკლი კობახიძემ გაიმარჯვა.
ქართული ოცნების ლიდერები გუნდში თავმჯდომარის კანდიდატურაზე დაპირისპირებას უარყოფენ და ამბობენ, რომ კობახიძეს ერთპიროვნულ მხარდაჭერა ექნება. მათივე თქმით, სხვა კანდიდატურა არ განხილულა
"ბატონ კახის აქვს ძალიან დიდი როლი ისედაც, როგორც ქალაქის მერი, ასევე პარტიის გენერალური მდივანია, შესაბამისად ირაკლი კობახიძის არჩევა ამ პოზიციაზე ჩემთვის ნამდვილად იყო ბუნებრივი გაგრძელება ირაკლი კობახიძის როლის, თუმცა რა თქმა უნდა ძალიან ბევრი სხვა ალტერნატიული, ღირსეული კანდიდატები არის", - ამბობს ვიცეპრემიერი მაია ცქიტიშვილი.
"თავიდანვე ჩვენ გვქონდა, მოაზრებული, ყველას ერთად ერთადერთი კანდიდატურა და სხვა პრინციპში არც ყოფილა მსჯელობა იმიტომ, რომ საერთო აზრი იყო, როგორც თავიდანვე კარგად იყო შესამჩნევი გუნდის შიგნით, გუნდის ლიდერშიფში ის, რომ ირაკლი კობახიძე იქნებოდა ყველაზე ოპტიმალური, კარგი კანდიდატურა....შიდაკონკურენცია ამ საკითხთან დაკავშირებით არ ყოფილა", - ამბობს მამუკა მდინარძე.
დღეს "ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომა ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და სხდომის დასრულების შემდეგ გამოსული პარტიის წევრებიც უარყოფენ ინფორმაციას, რომ თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით დაპირისპირება იყო.
"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა დასახელდა.
შეგახსენებთ, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დღეს თავმჯდომარეობიდანაც და პოლიტიკიდანაც კიდევ ერთხელ წავიდა და ვრცელი გამოსამშვიდობებელი წერილი გაავრცელა.