ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებამ, პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ქართული ოცნება დააბნია. როგორც აღმოჩნდა, გუნდის ნაწილმა თავმჯდომარის გადაწყვეტილება წერილის გავრცელების შემდეგ შეიტყო.
მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ ივანიშვილს გუნდთან კონსულტაციები ჰქონდა, დეპუტატებს დღეს დაბნეულობა ეტყობოდათ და სიტუაციიდან გამოსვლას სტანდარტული კომენტარებით ცდილობდნენ:
ჩვენ, რა თქმა უნდა მის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით გვქონდა მასთან საუბარი და ჩვენთვის არც მოულოდნელობა და არც, მით უმეტეს, სიურპრიზი არ ყოფილა ეს გადაწყვეტილება - ამბობს არჩილ თალაკვაძე.
მე ვფიქრობ, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამ შემთხვევაში. აქიდან გამომდინარე ჩვენ უნდა ვისაუბროთ ზუსტად იმ დამსახურებებზე, რომელიც აქვს ბიძინა ივანიშვილს ქართული სახელმწიფოსა და დემოკრატიის მიმართ და ასევე ჩვენი ქვეყნის განვითარების მომავალ გზებზე" - ამბობს რატი იონათამიშვილი
ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ინფორმაციას პერიოდულად მედია ავრცელებდა და ასევე, ეს არ არის სიახლე იმიტომ, რომ პარტიის ყოფილ თავმჯდომარეს არა ერთხელ განუცხადებია, რომ მისი მიზანი არ იყო, ან აღმასრულებელ ხელისუფლებაში თანამდებობის მუდმივი დაკავება, ან პარტიულ თანამდებობაზე მუდმივად ყოფნა. მისი მიზანი რეალურად რაც იყო ამ ეტაპისთვის მიღწეულია", - თქვა მაია ბითაძემ
შეგახსენებთ, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დღეს თავმჯდომარეობიდანაც და პოლიტიკიდანაც კიდევ ერთხელ წავიდა და ვრცელი გამოსამშვიდობებელი წერილი გაავრცელა.
"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა დასახელდა, რომელსაც 16 იანვარს ოფიციალურად, პარტიის ყრილობაზე აირჩევენ.