საზოგადო და საქვეყნო საქმე - ასე უწოდებს ბიძინა ივანიშვილი საკუთარი ქონების საკუთარი ფონდისთვის გადაფორმებას.
30-31 დეკემბრის მასშტაბური ტრანზაქციების შესახებ ოლიგარქი გამოცემა entrepreneur-თან ინტერვიუში საუბრობს და ამბობს, რომ მის ქველმოქმედებაზე ოპოზიციურმა მედიამ თვალი დახუჭა:
თუ არ ვცდები, სწორედ თქვენი ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში ვახსენე, რომ საბოლოოდ, ჩემი ქონების არანაკლებ 90 პროცენტს საზოგადო და საქვეყნო საქმეს მოვახმარდი, თუმცა, ამ განცხადებას მაშინ მედიისგან და საზოგადოებისგან სათანადო რეაქცია არ მოჰყოლია. სინამდვილეში, სწორედ იმ პროცესის ლოგიკურ გაგრძელებასთან გვაქვს საქმე....
ესაა რეალობა და ამ რეალობას, თქვენგან განსხვავებით, გიორგი, მშვიდად ვუსწორებ თვალს. რაც შეეხება ოპოზიციურ მედიას, მათ, რასაკვირველია, საქველმოქმედო ფონდისთვის 30-31 დეკემბერს გადაცემული აქტივების სრული სია აღმოაჩინეს, ისევე, როგორც თქვენ. მასშტაბიც გააცნობიერეს და პოზიტივის პოტენციალიც დაინახეს, მაგრამ ინფორმაცია გაავრცელეს მხოლოდ იმ აქტივის გადაცემაზე, რაც, მათი მოკლე ხედვით, საკითხის ნეგატიურ კონტექსტში წარმოჩენის და უხეში სპეკულაციის მინიმალურ სივრცეს ტოვებდა. დანარჩენზე კი, თვალი დახუჭეს. აბა, საკუთარ პრინციპებს ხომ არ უღალატებდნენ და ჩემზე კარგს ხომ არ იტყოდნენ? თუმცა, იპოდრომის თემაზე ხელდამწვარები, მალევე მიხვდნენ, რომ ფულის გათეთრების თემის ყურით მოთრევა, მათ ძალებსაც აღემატებოდა და სწორედ იმიტომ მინავლდა მალევე ის აჟიოტაჟი, რაც თქვენც სწორად შენიშნეთ“ – ამბობს ივანიშვილი.