
ბიძინა ივანიშვილი წასვლის წინ ხელისუფლებას რჩევებს აძლევს. "სამზაუსთან" ინტერვიუში ოლიგარქი ამბობს, რომ გუნდში ნიჭიერი ხალხია და მათ ერთმანეთს უნდა მოუსმინონ, არ მოერიდონ ერთმანეთის ოპონირებას. მისივე თქმით 8 წელი ხელისუფლებაში მყოფ გუნდს, "გამოცდილება აკლია".
"მე თვითკრიტიკა ძალიან მიყვარს, წვრილმანებში რომ ჩავიდე, ბევრს დავასახელებ, მაგრამ ზოგადად, ვფიქრობ, რომ სტრატეგია სწორი იყო... ისევ და ისევ ერთს ვურჩევდი, რომ კამათში მოდის ჭეშმარიტება, არ მოერიდონ ერთმანეთის ოპონირებას... მაქსიმალურად ყველა აზრი უნდა მოისმინონ შიგნით, აზრის მოსმენის საშუალება უნდა მისცენ. ცოტა ეს გამოცდილება აკლიათ, ერთმანეთს ერიდებიან, ხათრი, პატივისცემა აქვთ....
გუნდში ძალიან ნიჭიერი ხალხია, გამოცდილებაც საკმაოდ დიდი აქვთ, შეგნებულად არ ვასახელებ ლიდერებს, გვარებს, ბევრის ჩამოთვლა მომიწევს. ვფიქრობ, უხეში შეცდომებისგან გადამარჩინა იმან, რომ ძალიან მიყვარს პოლემიკა და ყველასგან მინდა აზრის მოსმენა, საღი აზრის ძიებაში ვხარჯავ დიდ დროს. თუ იგივეს გააგრძელებს გუნდი, დაზღვეული იქნება უხეში შეცდომებისგან", - ამბობს ივანიშვილი.
გარდა ამისა, ოლიგარქმა თქვა, რომ ეს მისი ბოლო ინტერვიუა. შეკითხვაზე პოლიტიკაში კიდევ ერთხელ დაბრუნებასთან დაკავშირებით კი ასე უპასუხა: ეს არის კაცი, სიტყვა არ უნდა გატეხო, რომ იტყვი, უნდა შეასრულო.
ივანიშვილმა ასევე თქვა, რომ აღარ აპირებს გუნდისთვის კონსულტაციების გაწევას და აღარც "ოცნების" მხარდამჭერი იქნება.