
"პატრიოტთა ალიანსის" სიით, პარლამენტში შესული დეპუტატები, რომლებმაც პარტია "ევროპელი სოციალისტები" დააფუძნეს, ბუკნარში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან და განცხადებას ავრცელებენ.
"ევროპელი სოციალისტები" მზად არიან მოლაპარაკებებში ჩაერთონ და პრობლემის მოგვარებაში მიიღონ მონაწილეობა:
მოუგვარებელი პრობლემა არა თუ ქართველებს შორის, არამედ საქართველოში სხადასხვა ეროვნებებს შორისაც არ არსებობს. საქართველო ოდითგანვე იყო, არის და იქნება ტოლერანტული სახელმწიფო და ეს ყოველთვის იყო ჩვენი ქვეყნის ძლიერი მხარე. ქვეყანაში არ არსებობს საკითხი, რომლის მოწესრიგება არ შეიძლება მოლაპარაკებების გზით. დაპირისპირება ნებისმიერ თემაზე შესაძლებელია გადაწყდეს დადებითად, მხოლოდ და მხოლოდ ცივილური და კონსტრუქციული მოლაპარაკებების მეშვეობით. პარტიის წევრები მზად არიან, საჭიროების შემთხვევაში, მიიღონ მონაწილეობა მხარეთა შორის მოლაპარაკებებში კონფლიქტის მოგვარების თვალსაზრისით. მიგვაჩნია, რომ ამ მიმართულებით უნდა იყოს გამოყენებული ყველა საჭირო რესურსი. „ევროპელი სოციალისტები“ თვლიან, რომ ადამიანის უფლებები და მათი რელიგიური კუთვნილება სახელმწიფოსთვის უნდა იყოს უზენაესი პრინციპი და არავის უნდა ჰქონდეს უფლება, რაიმე ჩრდილი მიაყენოს ამ უდიდეს მონაპოვარს. სხვადასხვა აღმსარებლობის პატივისცემა, მოსახლეობის მშვიდობიანი და ტოლერანტული თანაცხოვრება დემოკრატიული პრინციპების ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორია. პარტია გმობს ყოველგვარ ძალადობას და გარდაუვალ პირობად მიაჩნია არსებული კონფლიქტის მოლაპარაკებების გზით გადაჭრა“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, ბუკნარში სოფლის ორ ნაწილად გაყოფილი მოსახლეობა ერთმანეთს დაუპირისპირდა. ისლამის მიმდევრებსა და ადგილობრივ ქრისტიანებს შორის კონფლიქტი რელიგიურ ნიადაგზე გრძელდება. მოლაპარაკებებში ადგილობრივი ხელისუფლებაა ჩართული.
ამ დროისათვის აქცია დასრულებულია. ხვალ შეხვედრა შედგება მუსლიმ მრევლს, საპატრიარქოს წარმომადგენელს, ადგილობრივ ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის.