
"ნუ წვალობთ, თუ პარლამენტში შესვლა გსურთ ეს დანარჩენ ოპოზიციასთან კონსულტაციების გარეშეც შესაძლებელია" - ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ "მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ირაკლი კობახიძის თამაშს თამაშობს. თუმცა ისინი ელისაშვილს ახსენებენ, რომ 2 ან 3 ოპოზიციონერის მიერ მანდატის მიღებით, "ქართული ოცნების" ერთპარტიული პარლამენტი ლეგიტიმაციას ვერ შეიძენს და ვერც მრავალპარტიული გახდება.
"ყველას მოვუწოდებ, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლებს, ამ შემთხვევაში ბატონ ელისაშვილს, აღარ არის ამდენი ბჭობა საჭირო და განსჯა, თუ სურს პარლამენტში შესვლა, შეუძლია შევიდეს პარლამენტში, რადგან ნამდვილად, ახლა ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევებია ქვეყნის წინაშე და ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ რეჟიმი უნდა დავასრულოთ", - თქვა ენმ-ს წევრმა, ხატია დეკანოიძემ.
ოპოზიციაში მთავარ მოთხოვნებს არ ცვლიან - დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტპატიმრებმა ციხეები დატოვონ, რასაც "ქართული ოცნება" კატეგორიულად ეწინააღმდეგება.
"ყველა ვინც ახლა ოპოზიციის სახელით ცდილობს აქ რაღაც გაუგებრობა შემოიტანოს, ნებით თუ უნებლიეთ ივანიშვილის პროპაგანდის როლს თამაშობს, ელისაშვილთან ყველაფერი ნათელია, ის არც განიხილება ჩვენთვის პოლიტიკური ოპოზიციის ნაწილად, სხვები თუ მას აყვება, რამოდენიმე ადამიანი, ცუდი იქნება, მაგრამ არსებითად არაფერს შეცვლის", - ამბობს "ევრპოული საქართველოს" წევრი, გიგა ბოკერია.
შეგახსენებთ, რომ 14 იანვარს ცალკე კონსულტაცია გამართეს "მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა და "გირჩის" განაყოფმა. ელისაშვილი ამბობს, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების შემთხვევაში, მარტოც რომ იყოს პარლამენტში მაინც შევა, იაგო ხვიჩიას კი აქვს ინიციატივა, რომ ქვეყანაში ხელახალი არჩევნები იმ შემთხვევაში ჩატარედეს, თუ ადგილობრივ არჩევნებშიოპოზიცია გაიმარჯვებს და ეს პლებისციტი იყოს.
ელისაშვილი ამბობს, რომ "ოცნებასთან" მოლაპარაკებებს მხოლოდ ელჩების თანდასწრებით განიხილავს, იაგო ხვიჩია კი ადასტურებს, რომ ელაპარაკება ყველას, მათ შორის მმართველ გუნდსაც.