რელიგიის ექსპერტთა ასოციაცია გავრცელებულ განცხადებაში საპატრიარქოს მიმართავს და სთხოვს უარყოს ან დაადასტუროს გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოში რამდენიმე მაღალი იერარქიის სასულიერო პირმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უკვე ჩაიტარა.
"საქართველოს გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის ხელმძღვანელის, ბატონ გიორგი ჩალაძის განცხადებით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა საქართველოში უკვე გაკეთებული აქვს რამდენიმე მაღალი იერარქიის სასულიერო პირს და მაღალჩინოსანს. კულუარულად ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ 17 დეკემბრიდან კათოლიკოს-პატრიარქის ორთვიანი მკაცრი კარანტინის დასრულება და წირვა-ლოცვებზე გამოჩენა სწორედ მისთვის ფარულად ჩატარებული ვაქცინაციის შედეგია.
ჩვენ ვთხოვთ საპატრიარქოს: დაადასტუროს, ან უარყოს გავრცელებული ინფორმაციები. დადასტურების შემთხვევაში კი აუცილებელია გასაჯაროვდეს იმიერარქთა სია, ვინც უკვე ვაქცინაცია ჩაიტარა. იმ საგანგაშო მოცემულობაში, როდესაც ეკლესიის და მორწუნეობის სახელით არაერთი მოძღვარი და მრევლის წევრი ეწევა ანტივაქსერულ კამპანიას, სატანურად და ცოდვად აცხადებს ვაქცინაციას, საქართველოს პატრიარქის და სხვა იერარქების პირად მაგალითს გასაჯაროვებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოს მოსახლეობის ჯამრთელობის დაცვის და სიცოცხლის უსაფრთხოებისთვის, მოსახლეობის ფართო მასებში ანტიმეცნიერული და ანტისამედიცინო ბნელი პოზიციების დაძლევისათვის.", - ვკითხულობთ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ვაქცინაციის პროცესის მიმართ მოსახლეობაში სანდოობის გასაზრდელად, "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ლადო კახაძემ ეკლესიას სთხოვა, რომ საჯაროდ გაიკეთონ ვაქცინა. მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში მოსახლეობის კორონავირუსის საწინააღმდეგოდ აცრა Pfizer-ის ვაქცინით გახდება შესაძლებელი.