საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს კვლევას აქვეყნებს, სადაც 8 პოლიტიკური ობიექტის შემომწირველებზე საუბრობს და სავარაუდო პოლიტიკური კორუფციის ნიშნებსაც ახსენებს.
მათი თქმით, ხშირ შემთხვევაში ის პირები, რომლების "ოცნების" მისამართით შემოწირულობას აკეთებენ, შემდგომ იგებენ "ოცნებისვე" გამოცხადებულ ტენდერებს და თანხას ადმინისტრაციული რესურსის დახმარებით უკან მეტობით იბრუნებენ.
"როგორც აღმოჩნდა, მმართველი პარტიის შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2020 წელს (17 ნოემბრამდე) დაახლოებით 68 მლნ ლარის ღირებულების ტენდერები მოიგეს და ამ შემომწირველებმა იგივე პერიოდში 1.6 მლნ ლარი გაიღეს „ქართული ოცნების” სასარგებლოდ. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია შპს გ & კ ტექნოლოგი, რომელმაც წლის განმავლობაში 17.2 მლნ ლარის ტენდერები მოიგო, მისმა მფლობელმა რომან აბრამიშვილმა კი თებერვალში „ქართულ ოცნებას” 60,000 ლარი შესწირა", - ნათქვამია განცხადებაში.
საერთო ჯამში ასეთი შემოწირულობების ოდენობა 3 მილიონამდეა, ხოლო შემომწირველებთან დაახლოებული პირების სახელზე დადებული სატენდერო ხელშეკრულებები 70 მილიონამდე ღირებულებისაა.
"მმართველ პარტიას სწირავენ თანხებს და ვხედავთ, რომ ისინი არიან მსხვილი კონტრაქტორები სახელმწიფო შესყიდვებში. 2020 წლის განმავლობაში ასეთმა კომპანიებმა 70 მილიონი ლარის ტენდერები მიიღეს, როდესაც მათ 2-3 მილიონი შესწირეს", - ამბობს ლევან ნატროშვილი, "საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს მენეჯერი.
კვლევის მიხედვით შემოწირულობათა რაოდენობის მიხედვით პირველ ადგილს "ოცნება" იკავებს, მეორეს "ლელო", მესამეს კი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა".