ოპოზიცია ალეკო ელისაშვილის ბრალდების პასუხად, რომ გიორგი რურუას პატიმრობაში ყოფნა დიდწილად ოპოზიციის ბრალია, ამბობს, რომ პოლიტპატიმრების ციხეში ყოფნაზე პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილს და "ოცნებას" ეკისრება.
"გიორგი რურუა არის კლასიკური მაგალითი პოლიტიკური პატიმრობის და მისი ციხეში ყოფნა უკავშირდება მხოლოდ ერთ კაცს – ეს არის ბიძინა ივანიშვილი და რამდენადაც ჩვენ ყველას გვახსოვს, არცერთ მოლაპარაკებაზე მათ შემხვედრი ნაბიჯი გიორგი რურუას და კიდევ ორი მეცნიერი პოლიტ–პატიმარის გათავისუფლებაზე "ქართულმა ოცნებამ" არ გადმოდგა. ბატონ ელისაშვილს ძალიან უნდა პარლამენტში შესვლა, ასე რომ სხვადასხვა ყურით მოთრეული მიზეზების მოტანა და კოლეგა ოპოზიციონერებზე რაღაც აბსურდული ბრალდებების გაჟღერებას, ურჩევნია თავისი გადაწყვეტილება მიიღოს საკუთარი სინდისის და პოლიტიკური შეხედულებების შესაბამისად" , – ამბობს ენმ–ს წევრი პეტრე ცისკარიშვილი
ევროპულ საქართველოში ამბობენ, რომ "ოცნებამ" თავად დაარღვია 8 მარტის შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლებულიყვნენ, შესაბამისად ელისაშვილის ბრალდება არაკეთილსინდისიერია.
"ეს არის აბსოლუტურად ბინძური თამაში და ყველამ ძალიან კარგად ვიცით, ვის გამო იმყოფება, ბატონი გიორგი რურუა, ისევე როგორც სხვა პოლიტპატიმრები ციხეში, ეს არის ბიძინა ივანიშვილის დამსახურება და ეს არის "ოცნების" დამსახურება. მე უბრალოდ მინდა შეგახსენოთ, რომ კონკრეტულად გიორგი რურუას შემთხვევა გათვალისწინებული იყო ე.წ. 8 მარტის შეთანხმებაში და სწორედ "ოცნებამ" წელიწად ნახევრის წინ დაარღვია ეს შეთანხმება და შესაბამისად ამის გადაბრალება ოპოზიციაზე არის უსინდისობა და სამწუხაროდ ეს არ არის პირველი უსინდისო განცხადება, რომელსაც ბატონი ელისაშვილი ავრცელებს." – ამბობს "ევროპული საქართველოს" წევრი ლევან თარხნიშვილი
დიდწილად ოპოზიციის ბრალია გიორგი რურუას პატიმრობაში ამ დრომდე დარჩენა - ელისაშვილი