16 იანვარი - 23 გარდაცვლილი, 15 იანვარი - 26 გარდაცვლილი, 14 იანვარი - 21 გარდაცვლილი. ეს მხოლოდ ბოლო სამი დღის, რამდენიმე კვირის განმავლობაში კი საქართველოში ყოველდღიურად კოვიდგართულებით 20-ზე მეტი ადამიანი იღუპება. სიცოცხლე უკვე მშრალ ციფრებად იქცა. აღარავინ ყვება არც დაავადების ფორმის და არც გართულების მიზეზების შესახებ. რეანიმატოლოგებმა კი იციან, რომ სიკვდილის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მიზეზი უჟანგბადობით დაზინებული ფილტვებია.
კოვიდ პანდემიის დროს სამედიცინო ჟანგბადის და მართვითი სუნთქვის აპარატების პრობლემას, ემატება ჟანგბადის ხარისხი, რომელიც პრაქტიკულად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჰოსპიტალიზებული და განსაკუთრებით რეანიმაციაში მყოფი კოვიდ-პაციენტებისათვის.
ადგილი, სადაც ჟანგბადის აწარმოებენ დიღომში, საავადმყოფოებთან ახლოს, ათეული წელია მუშაობს. ამარაგებს სასწრაფო დახმარების მანქანებს და იმ კლინიკებს ვისაც საკუთარი ჟანგბადის მინი ქარხანა არ აქვს. ქვეყნაში ნებისმიერი ჟანგბადის მწარმოებელი კომპანიის მუშაობის იგივე მოთხოვნებია, რაც ფარმაცევტული საწარმოებისთვის.ამ საწარმოში კი ფარმაცევტული საქმიანობის მარეგულირებელის არც ერთი მოთხოვნა რომ გათვალისწინებული არ არის, მარტივი მისახვედრია. დაბინძურებული გარემო და მოძველებული ტექნიკა პირველია, რაც თვალში მოგხვდებათ. დარღვეულია სხვა შენობებთან აუცილებელი დაშორების წესიც. სანამ სასწრაფო დახმარების მანქანები ჟანგბადით ბალონებს ავსებდნენ, დაგვთანხმდნენ ჟანგბადი ჩვენთვის, როგორც კერძო პირისთვის მოეყიდათ.
ბალონის ავსების დროს ვეცადეთ გადაგვემოწმევბინა, რამდენ პროცენტ ჟანგბადს შეიცავდა აირი ან რამდენი კილო იყო. რადგან არც ერთი სახის აპარატი ამ საწარმოში არ აღმოჩნდა, სპეციალისტებმა ყველაფერი თვალის ზომით გააკეთეს. მაღალტექნოლოგიების ეროვნულმა ლაბორატორიამ, ერთკვირიანი მცდელობის მიუხედავად ანალიზის ჩატარებაზე უარი გვითხრა, თუმცა შევძელით პორტატული აპარატით ჟანგბადის ხარისხის გაზომვა.შედეგი მოულოდნელი არ ყოფილა - ჟანბადის წილი აირში 77% აღმოჩნდა. საქართველოს ჯანდაცვის სამინსიტროს კოვიდის წინააღმდეგ ბრძოლისთვის სპეციალური პროტოკოლი აქვს, სადაც მკაცრადაა გაწერილი, რომ საშუალო და მძიმე კოვიდ პაციენტებისთვის 93-95% იანი ჟანგბადის მიწოდებაა აუცილებელი.
ექიმები ყვებიან, რომ პრობლემა უფრო რთულია, ვიდრე მისი წარმოდგენა შეგვიძლია. ქვეყანაში ჟანგბადის საკუთარი საწარმო მხოლოდ რამდენიმე კლინიკას აქვს. დიდმა ნაწილმა მისი შეძენა მხოლოდ რამდენიმე კვირის წინ შეძლო. აპარატები, რომლებიც ხელისუფლებამ დეკემბრის დასაწყისში ასეულ ათას ლარად შეიძინა, მძიმე პაციენტებისთვის არ გამოდგება. FDA დასკვნაც ჯანდაცვის მინისტრის ხელთ არის, სადაც გარკვევით წერია რომ აპნიეს აპარატები საშუალო სიმძიმის პაციენტებისთვისთვისაც გამოუსადეგარია.
ავტორი: დეა მამისეიშვილი