ბუკნარის რელიგიური დაპირისპირების შემდეგ, კონფლიქტის საბოლოოდ გადაჭრისთვის, სამოქალაქო სექტორი რელიგიის თავისუფლების სფეროს ფუნდამენტურ რეფორმას ითხოვს.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, ხელისუფლებას მოუწოდებს გააუქმოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო, რომელიც რელიგიურ დისკუსიებს აფერხებს და თამთა მიქელაძის თქმით, სუსის პოლიტიკური ორგანიზაციაა.
"მოვუწოდებთ ხელისუფლებას გააცნობიეროს მისი პოლიტიკის პრობლემურობა, სისტემური ჩავარდნები და დაიწყოს ღია და დემოკრატიული რეფორმების პროცესი, რაც ჩვენი შეფასებით, პირველ რიგში მოითხოვს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს გაუქმებას, რომელიც გახდა ბარიერი ამ საკითხებზე სალაპარაკოდ, ამ საკითხებზე სახელმწიფო უწყებებთან დისკუსიის გასახსნელად, რადგან ის ახშობს დისკუსიის ყველა მცდელობას, ჩვენი შეფასებით, ეს უწყება არის სუსის პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც არსებობს იმისთვის, რომ აკონტროლოს რელიგიური ორგანიზაციები და არა გარდაქმნას, ისედაც არსებული უთანასწორო პოლიტიკა ამ სფეროში" , – ამბობს ადამიანის უფლებები სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი თამთა მიქელაძე
რუსუდან გოცირიძე ამბობს, რომ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ძირითადად მუსლიმი თემის კონტროლს ცდილობს.
"რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს, კონტროლის ძირითადი ინტერესი არის მუსლიმური თემი, სააგენტო არის ხელისუფლების სტრატეგიის გამტარი" – ამბობს საქართველოს ევანგელურ–ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე
ქართველ მუსლიმთა კავშირის წარმომადგენლების თქმით საქართველოში მუსლიმი თემი მიზანმიმართულად იდევნება.
"ბოლო ათი წლის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ ინტენსიურ მიზანმიმართულ დევნას მუსლიმი თემისას და ეს გამოაჩენს ხარვეზებს სახელმწიფოს მხრიდან უმცირესობებისადმი პოლიტიკის გატარების პროცესში" – ამბობს ქართველ მუსლიმთა კავშირის წარმომადგენელი ზაზა მიქელაძე
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს გაუქმების მოთხოვნა პრემიერ გახარიას და პარლამენტის თავმჯდომარე თალაკვაძეს უახლოეს დღეებში გადაეგზავნებათ.