სახლში გამოკეტილი ბავშვები - განათლების სამინისტროს გეგმა 1 წლის შემდეგაც არ აქვს

გამოქვეყნდა:

სკოლის მოსწავლეებს სხვა გაკვეთილებთან ერთად სპორტსა და ცეკვაზე დასწრება ისევ ონლაინ რეჟიმში მოუწევთ. მდგომარეობა, რომელიც ხანდახან კომიკურიც კია, უკვე ეპიდემიოლოგებსაც აწუხებთ და სასწავლო დაწესებულებების დახურვას აპროტესტებენ.

სპეციალისტების აზრით, მოსწავლეებისთვის ერთი წელი სწავლების დისტანციურ რეჟიმზე ყოფნა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს - მათ მენტალურ სტატუსსა და განათლების ხარისხს.

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ფიქრობს, რომ სახელმწიფომ რადიკალურ ზომებს მიმართა და რადგან კონკრეტული სამოქმედო გეგმა არ ჰქონდა, პრობლემის მოგვარება სასწავლო დაწესებულებების სრულად დახურვით სცადა.

მასწავლებლები აღიარებენ, რომ მოსწავლეებთან დისტანციურ რეჟიმში კონტაქტი მათთვის რთულია, ვერ ახერხებენ პროცესის სრულად კონტროლს და სწავლების ხარისხიც, შესაბამისად იკლებს.

განათლების სპეციალისტები კი, ამბობენ, რომ საგანმანათლებლო პროცესის ამ ფორმით გაგრძელება, იმის გათვალისწინებით, რომ ხშირ შემთხვევაში ახალგაზრდები არ არიან უზრუნველყოფილნი კომპიუტერითა და ინტერნეტით, მძიმედ აისახება განათლების ხარისხზე და ეს მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვანი ჩამორჩენა იქნება, რის შედეგებსაც ქვეყანა სამომავლოდ დაინახავს.

სფეროს ექსპერტები დარწმუნებულები არიან, რომ განათლების სამინისტროს შეეძლო ალტერნატიული გზების გამონახვა, თუმცა სახელმწიფოს ისევე როგორს სხვა საკითხებში არც აქ ჰქონია კონკრეტული სამოქმედო გეგმა და რეაგირება დააგვიანა.

გეგმა არ არსებობს, შესაბამისად, მოსწავლეებისა და სტუდენტების ბედიც ბუნდოვანია, უცნობია ისიც, როდემდე გაგრძელდება შეზღუდვა ბავშვებისთვის, რომლებსაც კლასში ყოფნა და სოციალური აქტივობა ამ ასაკში ყველაზე მეტად სჭირდებათ.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი