ხაზგასმით ვაცხადებთ, არანაირი კირმინალური სუბკულტურა ციხეში არ არსებობს - პენიტენციური

გამოქვეყნდა:

სპეციალური პენიტენციური სამსახური სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებას ეხმაურება და ამტკიცებს, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში არანაირი კრიმინალური სუბკულტურა არ არსებობს. უწყებამ ლომჯარიას ნათქვამს აბსურდული ბრალდებები უწოდა და თქვა, რომ  უწყების ხელმძღვანელობას არ აქვს არანაირი ბერკეტი, რომ ზეგავლენა მოახდინოს პატიმრების განწყობაზე ომბუდსმენის მიმართ.

"სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ ხაზგასმით აცხადებს, რომ არანაირი კრიმინალური სუბკულტურა პენტიენციურ დაწესებულებებში არ არსებობს. პენიტენციურ დაწესებულებებს მართავს სახელმწიფო და არა კრიმინალური ავტორიტეტები. ხოლო ის მსჯავრდებულები, რომლებიც მოისურვებენ სხვა პატიმრებზე გავლენის მოპოვებას, ნახევრადღია პენიტენციური დაწესებულებებიდან გადაჰყავთ დახურულ დაწესებულებებში, სადაც ისინი სხვა პატიმრებისგან იზოლირებულები არიან.

ამას არეგულირებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 8 მაისის N395 ბრძანება ,,მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების წესის, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის წესისა და პირობების, აგრეთვე მსჯავრდებულთა საშიშროების რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესის თაობაზე“, რომლის შესაბამისად დაიხვეწა პატიმრებისთვის საშიშროების რისკის განსაზღვრის პროცედურა და რომლის შესაბამისად, ის მსჯავრდებულები, რომლებიც მხარდაჭერას და დადებით განწყობას გამოხატავენ კრიმინალური მენტალიტეტის მიმართ, იზოლირებულები არიან სხვა პატიმრებისგან, როგორც წესი საცხოვრებელ საკანში იმყოფებიან მარტო. ბრძანების საფუძველზე დოკუმენტის გამოცემიდან დღეის ჩათვლით ნახევრადღია პენტენციური დაწესებულებებიდან დახურულ დაწესებულებებში გადაყვანილია 60 მსჯავრდებული, ვინც სხვა პატიმრებზე გავლენის მოპოვებას შეეცადა.

შესაბამისად დღეს პენიტენციურ სისტემაში კრიმინალური ავტორიტეტების რაიმე სახის ზეგავლენაზე საუბარი არის სიცრუე და მოცემული ინფორმაციის გავრცელება ემსახურება ერთადერთ მიზანს - საზოგადოების შეცდომაში შეყვანას", - წერია უწყების განცხადებაში

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, ციხეებში შექმნილია იერარქიული სისტემა, რომლის სათავეშიც მყოფ პატიმრებს პენიტენციური სამსახურის მხარდაჭერა აქვთ. ისინი სხვა პატიმრებს აშინებენ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენენ, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან საკუთარ პრობლემებზე არ ისაუბრონ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი