პარტია "მოქალაქეების" ლიდერი აცხადებს, რომ ის თავისი გზით აპირებს სიარულს და ოპოზიციიდან ყველამ თავის გულში ჩაიხედოს, თუ ვინ ვისთან იყო გარიგებული.
"ჩვენ ოპოზიციასთან ეს იწილო-ბიწილო დავასრულოთ, ჩვენ ვიცით რასაც ვაკეთებთ, როგორც გავაკეთებთ და უახლოეს დღეებში ზუსტად გეტყვით ჩვენ გეგმაზე, მანამდე ეს რაღაცა დავი-დარაბა დაუსრულებელი დავამთავრეთ, არ მიგვიჩნევენ ოპოზიციად?! სარკეში ჩაიხედონ და თავიანთ თავს კითხონ სინამდვილეში ვინ არიან, როგორი წარსულით უცხოვრიათ, რა ბიოგრაფია აქვთ და მართლა ვისთან გარიგებებში მონაწილეობდნენ", - თქვა ალეკო ელისაშვილმა.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც "ქართულ ოცნებას" ხელიდან გამოგლეჯენ იმას, რაზეც უკან დაახევინეს, პარლამენტში შევლენ და ქვეყნისთვის ბრძოლას იქიდან გააგრძელებენ.
ალეკო ელისაშვილი ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებებისა და ქმედებების გამო როგორც ჩანს სრულდება "გირჩის განაყოფისა" და მისი თანამშრომლობაც. ამ თემაზე დღეს იაგო ხვიჩიამ ისაუბრა თუმცა აღნიშნა, რომ ოპოზიციასთან როგორც საჯარო ისე ინდივიდუალურ ფორმატში მის შეთავაზებაზე საუბარს მაინც გააგრძელებს. ხვიჩიამ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი დებატებში გამოიწვია.
"მოუწევთ იმის ახსნა, რატომ აცხადებენ გუშინდელი პარტნიორები უარს ლაპარაკზე, ხელისუფლებაში რომ მოვიდეს ეს ოპოზიცია მერეც ესე გააგრძელებენ? ქართული ოცნებასავით ჩაიკეტებიან და არ დაელაპარაკებიან ხალხს?! ჩვენ მიგვაჩნია, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც ქართულ პოლიტიკაში ლაპარაკზე აცხადებს უარს, არის შეცდომა, პოლიტიკური შეცდომა ასეთი ადამიანების ყოფნა პოლიტიკაში", - თქვა იაგო ხვიჩიამ.
მისი თქმით, გიორგი ვაშაძე მწარედ დაიცინება იმის გამო რაც ჩაიდინა თუ ბოდიშს არ მოიხდის და მას მიყვება ყველა, ვინც ასე მოიქცევა.
"მე ქართული ოცნებასაც მზად ვარ დავაკაჩავო, მაგრამ ზურგი უნდა მქონდეს და ჩემს გვერდზე ოპოზიციაში უპრინციპო და უპოზიციო ჩმორები კი არ უნდა იდგნენ, კაცები უნდა იდგნენ", - თქვა იაგო ხვიჩიამ.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ პარლამენტში რამდენიმე ადამიანის შესვლა მათთვის არაფერს ცვლის, ისინი მოთხოვნებში ერთიანობას ინარჩუნებენ. ოპოზიცია აპირებს პორცესები გააქტიურდეს და მათ თებერვლიდან ქუჩაში გადაინაცვლონ.