მმართველი პარტია ოპონენტებს ისევ ძველი ხელწერით უპირისპირდება და ხელისუფლების მიტაცების რევოლუციურ სცენარზე ლაპარაკობენ.
"ოცნების" ფორმა ოპოზიციასთან მიმართებაში აგრესიული რიტორიკაა. ახალ ამპლუაში, ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ გარდაქმნილი ყოფილი უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე, პირველ რიგში, ენმ-სა და ევროპულ საქართველოს ასახელებს, მათ რადიკალურ ოპოზიციად მოიხსენიებს და ამბობს, რომ ისინი რევოლუციური სცენარის გამოყენებას შეეცდებიან.
"მათი რევოლუციური სცენარის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისთვისაც ძალიან მოძველდა. ჩვენ და საზოგადოებაც ველოდით, რომ ისინი კვლავ რევოლუციური სცენარის დაანონსებას დაიწყებდნენ. მათთვის სამწუხაროდ და ქვეყნისთვის საბედნიეროდ, მათ რესურსი არ აქვთ რომ სერიოზული არეულობა შემოიტანონ ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში და დღის წესრიგში.
ორი პარტიაა ამ სცენარის ავანგარდში, „ნაციონალური მოძრაობა“ და ე.წ. ევროპული საქართველო. მე ვფიქრობ, დანარჩენი პარტიები ვალდებულები არიან პასუხი გასცენ მთავარ კითხვას, მიყვებიან თუ არა ამ რადიკალურ ძალებს რევოლუციურ სცენარში“,-თქვა მამუკა მდინარაძემ დღეს, 23 იანვარს, პოლტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
მამუკა მდინარაძის ამ განცხადებას კრიტიკით პასუხობს ოპოზიცია. ისინი აცხადებენ, რომ ქართული ოცნების ახალმა ძველმა კადრმა ძველი ნარატივი გაიხსენა და ისევ რევოლუციურ სცენარზე ალაპარაკდა.
შეგახსენებთ, დღეს, 23 იანვარს, "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს ახალი თავმჯდომარე და შემადგენლობა აირჩიეს.
ამავე თემაზე: