სავაჭრო სექტორის 4 მოთხოვნიდან არცერთი დაკმაყოფილდა - მთავრობასთან შეხვედრა დასრულებულია

გამოქვეყნდა:

სავაჭრო სექტორის წარმომადგენლებსა და მთავრობას შორის გამართული შეხვედრა ნულოვანი შედეგით დასრულდა. სფეროს წარმომადგენლების ოთხი მოთხოვნიდან: შაბათ-კვირას მუშაობის უფლება, საზ. ტრანსპორტის აღდგენას, ქონების გადასახადის შემცირებასა და ელექტრო ენერგიის სუბსიდირებას - არცერთი დაკმაყოფილდა. 

დღევანდელ შეხვედრაზე გადახედეს მინიმალურ გეგმას, თუ როგორ უნდა მოხდეს მომხმარებლების მიღება და ერთადერთი დათმობა, რაზეც ხელისუფლება წავიდა ისაა, რომ სავაჭრო ცენტრებში მყიდველი გასახდელებით სარგებლობას შეძლებს. ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ ვაჭრობის 40% შაბათ-კვირაზე მოდის, მაღაზიების ნაწილი კი იმის გამო, რომ "მოგებას" ვეღარ ნახავს შეიძლება საერთოდ ვეღარ გაიხსნას.

"10 კვადრატულ მეტრზე იქნება შეზღუდვა ერთი მომხმარებლის სავაჭრო ცენტრში, როგორც ჰიპერმარკეტებში, იმუშავებს გასახდელები, იქნება პროდუქციის გადაცვლის საშუალება. სამწუხაროდ, ჯერ ვერ განიხილება შაბათ-კვირის მუშაობის გახსნის საკითხი, ვთვლით, რომ არასამართლიანი მიდგომა რჩება. როცა სავაჭრო ცენტრები დაკეტილი იყო 5 თვის განმავლობაში იგივე საგადასახადო ტვირთვის სრულად დაკისრება არამიზანშეწონილია", - თქვა  "ჯიარდისის" გენერალურმა დირექტორმა, ლევან ყარალაშვილმა.

"Retail group Georgia"-ს დირექტორის, რეზო მაღალაშვილის განცხადებით, ტრანსპორტირება ძალიან გაძვირებულია, ამიტომ მისი აღდგენა ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ნომერ პირველ საკითხად შაბათ-კვირას მუშაობის უფლება რჩება. 

მთავრობა მათ პასუხად ამბობს, რომ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას აკვირდებიან და შემსუბუქებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში იფიქრებენ, თუ სიტუაცია მეტად სტაბილური იქნება. 

"რა თქმა უნა, გვინდა ვიყოთ მაქსიმალისტები, ბიზნესს სურს რომ ყველაფერი ერთბაშად გაიხსნას, მაგრამ ჩვენ ამის გაკეთების შესაძლებლობას მოკლებულები ვართ, იმიტომ, რომ ეტაპობრივობა და ფრთხილი ნაბიჯები არის გარანტია იმისა, რომ ერთი თვის თავზე არ მოგვიწევს ისევ რომელიმე სფეროს დაკეტვა", - თქვა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ. 

მისი თქმით, მათ ძალუძთ, რომ მოიკრიბონ ძალები და საკუთარი რესურსით გააგრძელონ საქმიანობა.

გუშინ, 26 იანვარს მთავრობამ იგივე პასუხით გაისტუმრა რესტორნებისა და მთის კურორტების წარმომადგენლებიც, რომლებმაც გახსნაზე კატეგიორული უარი მიიღეს.

ავტორი: ნინო ღვედაშვილი.

ახალგაზრდები ქაშვეთთან იკრიბებიან | მთავარის სპეც ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი