
საქართველო ვერანაირად ვერ იქნება ჩართული იმ სამშვიდობო პლატფორმაში, რომლშიც მონაწილეობს ოკუპანტი ქვეყანა - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ ოფიციალურ კომენტარში, რომელიც უწყებამ დღეს გაავრცელა.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი. ამასთან დაკავშირებით, "ლელო საქართველოს" წევრი გრიგოლ გეგელია ზალკალიანის უწყებისაგან ითხოვს, გაასაჯაროოს მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია.
საგარეომ მინისტრის მოადგილის ოფიციალური კომენტარი დღეს გოგელიას განცხადების შემდეგ გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“ჩვენ უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ რეგიონში მშვიდობას და სტაბილურობას, რაც სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მდგრადი განვითარების ერთ-ერთ უმთავრეს წინაპირობას წარმოადგენს, შესაბამისად, საქართველო მხარს უჭერს იმ გრძელვადიან მიზნებს, რომლებიც მიზნად ისახავს ჩვენი ქვეყნის და რეგიონის უსაფრთხოებას და კეთილდღეობის უზრუნველყოფას. ამ თვალსაზრისით, სამშვიდობო პლატფორმები მეტად მნიშვნელოვანია და ჩვენს რეგიონში მსგავსი პლატფორმების ჩამოყალიბება პირველ რიგში უნდა მოხდეს სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის - საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის დიალოგის და თანამშრომლობის გზით, რაც მნიშვნელოვანი რეგიონული პროექტების და თანამშრომლობის განვითარების საწინდარია.მოგეხსენებათ, საქართველო აღნიშნული ინიციატივით გამოვიდა, როცა ადგილი ჰქონდა აზერბაიჯანის და სომხეთს შორის შეიარაღებული კონფლიქტის ესკალაციას.
ხოლო, რაც შეეხება, გუშინ, გაჟღერებულ ფართო რეგიონულ სამშვიდობო პლატფორმას, საქართველო ვერანაირად ვერ იქნება ჩართული იმ სამშვიდობო პლატფორმაში, რომლშიც მონაწილეობს საქართველოს ტერიტორიების ოკუპანტი ქვეყანა. ჩვენი პოზიციაა, რომ ნებისმიერი თანამშრომლობის პლატფორმა უნდა ემყარებოდეს მონაწილე სახელმწიფოთა ურთიერთპატივისცემას, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას. შესაბამისად, ვთვლით, რომ ვიდრე არ იქნება დეოკუპაციის კუთხით გადადგმული შესაბამისი ნაბიჯები, მსგავსი ინიციატივა ვერ იქნება პერსპექტიული”, - განაცხადა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.