ნდობის აღდგენისკენ ეს არის დიდი და კარგი ნაბიჯი - ელისაშვილი კარტოგრაფების გათავისუფლებაზე

გამოქვეყნდა:

"მოქალაქეების" ერთერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ კარტოგრაფების გათავისუფლება მოლაპარაკების შედეგია. მისივე თქმით, მოლაპრაკების მაგიდასთან დასახელებული იყო ხუთი გვარი, მათგან ოთხი გათავისუფლდა, პოლიტპატიმრად რჩება გიორგი რურუა, ელისაშვილი მოუწოდებს ოპოზიციას, რომ რურუას გათავისუფლებისთვის დაბრუნდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და ერთად იბრძოლონ. 

"მთელი დღეა ვუსმენ, ვისაც არ ეზარება ყველა იბრალებს თითქოს მათ გაუთავისუფლებიათ, ეს არის მოლაპარაკების შედეგი. ერთმნიშვნელოვნად და სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ თავიდან, როდესაც მოლაპარაკება იყო, ხუთი გვარი იყო მოლაპარაკების მაგიდაზე და ხუთიდან ოთხი არის გათავისუფლებული და გათავისუფლებულია მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მოლაპარაკება მიმდინარეობდა.

მე არ მითქვამს რომ ჩვენი დამსახურებაა, მე ვთქვი, რომ ეს არის მოლაპარაკების შედეგი. ბოლოს ისე აღმოჩნდა, რომ დანარჩენი ოპოზიცია გაბუტულია დგას ქუჩაში და იქიდან იქნევს მუშტებს და მოლაპარაკების მაგიდასთან დავრჩით ჩვენი პარტია. კარგად გაიხსენებთ, ერთი კვირაც არ გასულა მას შემდეგ, რაც ეს ადამიანები გაათავისუფლეს... თუ ვინმეს უნდა, რომ მეხუთე გვარი, რომელიც დარჩა საპატიმროში იმ პოლიტპატიმართა სიიდან ისიც გათავისუფლებული იყოს. ჩვენ კი ნუ გველაპარაკებიან ნიშნის მოგებით. არამედ დაბრუნდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და ერთად ვიბრძოლოთ იმ ადამიანის გათავისუფლებისთვისაც", - ამბობს ელისაშვილი. 

ელისაშვილისვე თქმით, კარტოგრაფების გათავისუფლება "დიდი და კარგი ნაბიჯია" ნდობის აღდგენისკენ. 

"დღევანდელი გათავისუფლება კარტოგრაფების რა თქმა უნდა ცვლის ყველაფერს. ჩვენ რას ვამბობდით  - პარლამენტში შვეალთ იმ შემთხვევაში თუ ჩვენი მოთხოვნები შესრულდება თქო. ერთერთი მთავარი მოთხოვნა იყო ეს, რომ ვამბობდით არავითარ შემთხვევაში არ შევალთ, ხო. ნდობის აღდგენისკენ ეს არის დიდი და კარგი ნაბიჯი. ხვალ დილით პარლამენტში არ შევდივართ იმიტომ, რომ საარჩევნო საკითხები არ არის გადაწყვეტილი", - ამბობს ელისაშვილი 

რაც შეეხება "ქართულ ოცნებას" - პარტიის წევრი, გიროგი კახიანი ამბობს, რომ პოლიტპატიმრები არ ჰყავს ხელისუფლებას და პატიმრების გატავისუფლება პოლიტიკური ნიშნით არ მომხდარა. 

"თუ პროკურატურის გადაწყვეტილებას სასამართლოც დაეთანხმება ეს ასევე პოლიტიკური სპექტრისთვისაც იქნება მოსაწონი გადაწყვეტილება ეს კარგია. რაც შეეხება იმას, ოპოზიციონერი დეპუტატების ერთი ნაწილი შემოვა თუ არა პარლამენტში, ეს მათი გადასაწყვეტია, მე მათ მაგივრად ვერაფერს ვიტყვი. მაგრამ იმედი მაქვს, რომ ისინი ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ. თქვენ იცით, რომ საუბარია რამოდენიმე პარლამენტის წევრზე. ორი პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელია, რომლებსაც განსხვავებული შეხედულებები აქვთ. ვთქვათ იმ რადიკალური ოპოზიციისგან განსხვავებით. ამიტომ თუ ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებას, ეს რა თქმა უნდა, მხოლოდ მისასალმებელი იქნება", - ამბობს გიორგი კახიანი 

შეგახსენებთ, რომ ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი 20 000 -20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. სასამართლომ დააკმაყოფილა შუამდგომლობა მელაშვილის თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე.

 

 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი