პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებული ივერი მელაშვილის ადვოკატი ედვარდ მარიკაშვილი ამბობს, რომ სასამართლოს მიერ დაკისრებული გირაოს თანხას გაასაჩივრებს, იმის მიუხედევად, რომ გირაოს გასაჩივრება, კანონში ჩანაწერის მიხედვით, დაუშვებელია.
ადვოკატი ამბობს, რომ მსგავსი ჩანაწერი მართებული არ არის და, თავის დაცვის ქვეშ მყოფთან შეთანხმების შემდეგ, თანამდებობიდან ივერი მელაშვილის გათავისუფლების შესახებ სასამართლოს დადგენილებასაც გააპროტესტებს.
"მიუხედავად იმისა, რომ დღეს არსებულიჩანაწერით, გირაოს გასაჩივრება დაუშვებელია, მე ვფიქრობ, ეს არ არის მართებული და, ბატონ ივერთან შეთანხმების შემდეგ გირაოს, დიდი ალბათობით, გავასაჩივრებთ. ასევე, გავასაჩივრებთ აუცილებლად, თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ სასამართლოს დადგენილებასაც", - აცხადებს ედვარდ მარიკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენის კომისიის წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავეს. სასამართლომ მათ 8 ოქტომბერს, ორივეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
პროკურატურა კარტოგრაფებს სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებდა.
საგამოძიებო უწყების მტკიცებით, "ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც, როგორც აღინიშნა, არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის, დავითგარეჯთან მიმართებაში."
დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ივერი მელაშვილი სასამართლო პროცესებზე აღნიშნავდა, რომ უდანაშაულოა და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ არასდროს უმუშავია, ხოლო ნატალიამ ილიჩოვამ განაცხადა, რომ იმ რუკების მიხედვით, რომელთა დამალვასაც მათ ხელისუფლება ედავება, დავითგარეჯის ნაწილი იკარგება და აზერბაიჯანთან საზღვარი ჩიჩხიტურის კოშკზე გადის.
29 იანვარს სასამართლომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 20-20 000-ლარიანი გიროას საფუძველზე გაათავისუფლა.
გარდა ამისა, მოსამართლე ლელა კალიჩენკომ მიიჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს პროკურატურის შუამდგომლობა ივერი მელაშვილის საქართველოს სახელწმიფო საზღვრის დელიმიტაციის, დემარკაციის და სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გადაყენებაზე.
სამოქალაქო საზოგადოებამ კარტოგრაფების გირაოს სრული თანხა - 40.000 ლარი ფანდრაიზინგის ორგანიზებიდან სულ რაღაც ორ საათში შეაგროვა მას შემდეგ, რაც თანხის მობილიზების ორგანიზება თავის თავზე აიღო მოძრობამ „სირცხვილია“.