
"ფლანგვის დეტექტორი" აჭარის რესპუბლიკის ბიუჯეტით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც აჭარის უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთმა დეპუტატმა გასულ კვირას განაცხადა, რომ აჭარაში 2021 წელს შრომის ანაზღაურება 250 000 ლარით შემცირდა. გაირკვა, რომ პირიქით, მთავრობის აპარატისა და სამინისტროების შრომის ანაზღაურება ჯამში 1 242 600 ლარით გაიზარდა.
"რადგანაც 2021 წელს არჩევნები არ ტარდება 2021 წლის ბიუჯეტი უნდა შემცირებულიყო მინიმუმ მილიონ 500 ათასი ლარით, თუმც მცირდება მილიონ 250 ათასი ლარით, რაც იმას ნიშნავს, რომ დარჩენილი თანხას აჭარის მთავრობა და 4 სამინისტრო მოიხმარს ხელფასების გასაზრდელად", - ამბობს ორგანიზაციის წარმომადგენელი.
აჭარის ოპოზიციაში ამბობენ, რომ ხელისუფლებას ეს თანხები საკუთარი მხარდამჭერების დასაქმებისათვის ესაჭიროება.
"საქმე გვაქვს ორ მთავარ ამბავთან რაც ხდება ახლა აჭარაში და ალბათ მთელი ქვეყნის მასშტაბით, პირველი - მიიღეს დავალება ყველა საჯარო უწყების ხელმძღვანელებმა, რომ გაათავისუფლონ ყველა ის ადამიანი, ვინც განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებისაა და მასშტაბურად მიდის ეს ამბავი მთელ აჭარაში. მეორე მხრივ, არათუ ხარჯებს ამცირებენ, სახელფასო ფონდი გაზარდეს, აპირებენ თავისი მხარდამჭერების ისევ სამსახურებში დამატებას და ხელფასის ზრდას", - ამბობს ენმ-ს წევრი, გიორგი კირთაძე.
2021 წელი ახალი დაწყებულია, თუმცა "ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით, 1,242,600 ლარით გაიზარდა მთავრობის აპარატის და სამინისტროების შრომის ანაზღაურება, კერძოდ: მთავრობის აპარატი 67,700 ლარი, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო 30,700 ლარი, განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტრო 957,700 ლარი, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 165,200 ლარი და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 21,300 ლარი.
ავტორი: თეა ვაშალომიძე.