ქუთაისში, მერიის წინ მდებარე ბაღში, სადაც სამოქალაქო აქტივისტებს კარავი აქვთ გაშლილი და 24-საათიანი აქციით აპროტესტებენ 31 ოქტომბრის არჩევნების გაყალბებას, ცოტა ხნის წინ მანქანა შევარდა.
როგორც "მთავარს" აქციის ერთერთმა მონაწილემ და ორგანიზატორმა, სამოქალაქო აქტივისტმა თედო მესხმა უთხრა, მანქანას ახალგაზრდა კაცი მართავდა და პირდაპირ კარვისკენ ჰქონდა გეზი აღებული, მაგრამ საბედნიეროდ, იქამდე მიღწევა ვერ მოახერხა. მისივე თქმით, ქუთაისში ზემოთხსენებული ბაღი ისეთ ადგილასაა გაშენებული, რომ თუ არა მიზანმიმართული მცდელობა, იქ მანქანა ვერ მოხვდება. თედო მესხი ამბობს, რომ ერთერთი აქტივისტი სიკვდილს ბეწვზე გადაურჩა.
"შემოვარდა ეს მანქანა და ერთ აქტივისტს მეორისთვის ხელი რომ არ ეკრა, ნამდვილად გაიტანდა, ბეწვზე გადარჩა სიკვდილს... ახალგაზრდა ბიჭი იჯდა საჭესთან, კარვამდე ვერ მიაღწია, გაიჩხირა მანქანა და უკან მოაბრუნა, გაიქცა... როცა გამოვეკიდეთ, პატრულმა გაგვაჩერა, ჩვენ უკვე დავაკავეთო... ვნახოთ, დააკავეს თუ არა, ველოდებით განცხადებას, " - აცხადებს თედო მესხი "მთავართან" სატელეფონო საუბარში.
შეგახსენებთ, ქუთაისში, მერიის წინ დადგმულ კარავში "ალტერნატივისა" და სხვადასხვა ორგანიზაციის წევრები, სამოქალაქო აქტივისტები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ეს კარავი აუცილებლად ჩავა თბილისშიც და მოიცავს სრულიად საქართველოს.
აქტივისტები, რომლებიც ღამეს ქუთაისის კარავში ათევენ, აცხადებენ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება გუშინ, მთელ დღის განმავლობაში აგზავნიოდა მანქანებს ბაღისკენ და იქედან პროვოკაციული შეძახილები ისმოდა, მაგრამ ისინი ამ რეპლიკებს არ აჰყვნენ და სიტუაცია არ დაუძაბავთ.