დავშალოთ დავითგარეჯის გარშემო ატეხილი სკანდალი მარტივ შეკითხვებად და ვუპასუხოთ - იაგო კაჭკაჭიშვილი

გამოქვეყნდა:

სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი დავითგარეჯის საქმეს ეხმაურება და კონკრეტულად ამ თემის ირგვლივ არსებულ, ასევე, საზოგადოებაში მას შემდეგ გაჩენილ კითხვებს პასუხობს, რაც კარტოგრაფები პატიმრობიდან გაათავისუფლეს.  

იაგო კაჭკაჭიშვილის Facebook-ის პოსტს უცვლელად გთავაზობთ: 

"დავშალოთ დავით გარეჯის გარშემო ატეხილი სკანდალი მარტივ შეკითხვებად და თითოეულ მარტივ, მაგრამ არსებით შეკითხვას ვუპასუხოთ: 
1. არის თუ არა დავით გარეჯას კომპლექსი საქართველოს ისტორიული მემკვიდრეობის ნაწილი? 
- დიახ, არის. 
2. არის თუ არა (დღესდღეობით და 1924 წლიდან მოყოლებული) დავით გარეჯას კომპლექსის მნიშვნელოვანი ნაწილი აზერბაიჯანის სახელმწიფოს საზღვრებში მოქცეული (ანუ, აზერბაიჯანის იურისდიქციის ქვეშ) - ჩიჩხიტურისა და ბერთუბნის მონასტრების ჩათვლით? 
- დიახ, ჩიჩხიტური ნაწილობრივ, ბერთუბანი - სრულად. 
3. არის თუ არა დავით გარეჯას კომპლექსის ის ნაწილი, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ხვდება, სადავო ტერიტორია (ანუ, მოლაპარაკებისა და შეთანხმების საგანი), თუ მას ისეთივე სტატუსი აქვს, როგორც, მაგალითად, საინგილოს (ისტორიული ჰერეთის) ძეგლებს იმავე აზერბაიჯანში? 
- დიახ, მოლაპარაკებების საგანია საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის. 
4. თვლის თუ არა აზერბაიჯანი (ცხადია, შეცდომით), რომ ბერთუბანი ალბანური კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია და არა საქართველოსი? 
- დიახ, თვლის.
5. 1937-38 წელს გამოცემული 200 000-იანი მასშტაბის რუკით (რაც ვითომ გადამალული იყო და რითიც აპელირებს გამოძიება), ხვდება თუ არა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არსებული ძეგლები, კერძოდ, ჩიჩხიტური და ბერთუბანი, საქართველოს საზღვრებში? 
- ჩიჩხიტური კი, ბერთუბანი - არა. 
6. დათმობს თუ არა აზერბაიჯანი მის ტერიტორიაზე მოქცეულ ქართულ ძეგლებს ნებისმიერ შემთხვევაში? 
- არა, არ დათმობს (ამას მოწმობს ათეული წლობით გაწელილი მოლაპარაკებები).
7. არის თუ არა გამოსავალი ის, რომ საქართველომ აზერბაიჯანს შესთავაზოს ტერიტორიების გაცვლა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მოქცეული ქართული ძეგლების სანაცვლოდ? 
- დიახ, არის. 
8. მოქმედებდა თუ არა საექსპერტო კომისია, ივერი მელაშვილის ხელმძღვანელობით, იმ მიმართულებით, რომ გარეჯას კომპლექსი სრულად მოქცეულიყო  საქართველოს შემადგენლობაში ტერიტორიის გაცვლის (ე.წ. „მოცვის“) საფუძველზე.? 
- დიახ, ეს იყო საქართველოს პოზიცია 1995 წლიდან. 
მორჩა, წერტილი",
- წერს იაგო კაჭკაჭიშვილი.

შეგახსენებთ, რომ 28 იანვარს სასამართლომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 20-20 000-ლარიანი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა. 

გარდა ამისა, მოსამართლე ლელა კალიჩენკომ მიიჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს პროკურატურის შუამდგომლობა ივერი მელაშვილის საქართველოს სახელწმიფო საზღვრის დელიმიტაციის, დემარკაციის და სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გადაყენებაზე. მისი განმარტებით, ამ თანამდებობაზე ყოფნა არ არის  მხოლოდ ანაზღაურებასთან დაკავშირებული და ის პირდაპირ კავშირშია საქმეში არსებულ ინფორმაციებთან.

აქვე გეტყვით, რომ 29 იანვარს, პროკურორმა ამირან გულუაშვილმა თქვა, რომ კარტოგრაფებს ისევ მოუწევთ დაბრუნება იმ დაწესებულებებში, რომლებიც დატოვეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი